ავარია

ქობულეთში ავტოავარიას ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა – თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქობულეთში ავარიის შედეგად დაღუპულები სამხედროები არიან.

"ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, მძღოლი კაპრალ სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე.

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს". - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ქობულეთში, შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ერთი. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები