TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირება

ტელეკომპანიის სანქცირებამდე ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის წილი მართვაში სხვა პირს გადასცა

გაერთიანებული სამეფოს მიერ სამთავრობო TV იმედისა და POSTV-ის სანქცირებამდე 25 დღით ადრე, ივანიშვილის დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის წილი მართვაში ზაზა მარიდაშვილს გადასცა. ინფორმაცია თავდაპირველად BM.GE-მ გაავრცელა.

ვიქტორ ჯაფარიძემ  2022 წლის ოქტომბერში POSTV-ის 52-%-იანი წილი 520 000 ლარად შეიძინა, ტელეკომპანიის წილის 24-24%-ს ფლობენ თემურ ჭარელაშვილი და შალვა რამიშვილი. ფლობასთან ერთად ჯაფარიძე 52-%-იანი წილის მმართველიც იყო. 

სამეწარმეო რეესტრმა 2026 წლის 28 იანვარს მიიღო POSTV-ის 24%-იანი წილის მლობელის თემურ ჭარელაშვილის განცხადება, სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ჭარელაშვილმა განცხადების განხილვა დაჩქარებული წესით 1 დღის ვადაში მოითხოვა.

2026 წლის 30 იანვარს რეესტრმა გამოაქვეყნა განახლებული ამონაწერი, სადაც POSTV-ის 52-%-იანი წილის მმართველად ზაზა მარიდაშვილია მითითებული. 

გაერთიანებული სამეფოს სანქციებამდე 18 დღით ადრე TV იმედი გაყიდა ირაკლი რუხაძემაც. 6 თებერვალს ირაკლი რუხაძის განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ იგი სამთავრობო-პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედის მფლობელი აღარ იქნება და 50% შპს პრაიმ მედია გლობალის, 50% კი იმედის აღმასრულებელი დირექტორის, მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში გადავა.

24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა, რის ფარგლებშიც მათ სამი კატეგორიის სანქციები შეეხოთ: აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია

კომენტარები