თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ადვოკატი ანი ნადარეიშვილის თქმით, ახალაიას სასამართლო სხდომა იმიტომ დახურეს, რომ "საზოგადოებამ ვერ გაიგოს სიმართლე".
ნადარეიშვილის თქმით, საქმექში არაფერი დევს, ხოლო გამოძიება დასრულებულია. რაც შეეხება 2025 წლის 4 ნოემბერს სამთავრობო TV იმედის მიერ გავრცელებულ ბაჩო ახალაიასა და პაატა ბურჭულაძის შესაძლო საუბარის ამსახველ აუდიოჩანაწერს, ნადარეიშვილის ცნობით, სამხარაულის ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ "ჩანაწერი არის ყალბი".
"არანაირი მტკიცებულება, მოწმე არ არსებობს და ზუსტად ამიტომ არის დახურული სხდომა, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს ის სიმართლე, რისთვის ჰყავთ ბაჩო ახალია დაკავებული.
მაქვს ინფორმაცია, რომ საქმეში არაფერი არ დევს საერთოდ, გამოძიება დასრულებულია, არაფერი დაუმატებია გამოძიებას, დღეს არის წინასასამართლო სხდომა და არანაირი მტკიცებულება, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ არსებობს საქმეში.
[ის, რომ ჩანაწერი დამონტაჟებული იყო] ისედაც ვიცოდით ყველამ, რადგან ამ ჩანაწერით არ წაუყენებიათ ბრალი და არც გამოუყენებიათ. დევს, რა თქმა უნდა, ექსპერტიზის დასკვნა. არ აქვეყნებენ. პროპაგანდისტული მედია იყენებდა ამას, რომ ადამიანებზე ზემოქმედება ყოფილიყო. არ აქვეყნებენ მიზანმიმართულად, დევს დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ჩანაწერი არის ყალბი". - თქვა ნადარეიშვილმა TV პირველთან.
ამასთან ერთად, საქმის პროკურორის, თამარ ბეჟუაშვილის განცხადებით, ანი ნადარეიშვილს მოწმის სტატუსი აქვს, რის გამოც ამ საქმეზე ახალიას ადვოკატი ვერ იქნება.
ბეჟუაშვილის თქმით, სხდომის დახურვის გადაწყვეტილება "მტკიცებულებების და მოცემულობიდან გამომდინარე" მიიღეს.
"დახურვის მოტივაცია გახლავთ შემდეგი - მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში მოპოვებულია იმგვარი მტკიცებულებები და მონაწილე პირები გახლავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ასევე, გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე არის საიდუმლო მასალები, რის გამოც მიზანშეწონილად მიგვაჩნია სასამართლო სხდომის დახურვა. ყველა საქმეზე ინდივიდუალურად ხდება გადაწყვეტილების მიღება, ამ სისხლის სამართლის საქმეზე, ამ მტკიცებულებების და მოცემულობიდან გამომდინარე მიღებულია ასეთი გადაწყვეტილება.
სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ათეულობით ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის არსებობს ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაც. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება მტკიცებულებების შინაარსზე ბრალდების მხარე, ამ შემთხვევაში, ვერ გააკეთებს განმარტებას, თუმცა გიდასტურებთ, რომ საქმეში არსებობს ამგვარი მტკიცებულებები. ძალიან ბევრი პირდაპირი მტკიცებულება გვაქვს მოპოვებული. სისხლის სამართლის საქმეზე 46 ტომამდე საქმის მასალაა წარმოდგენილი სასამართლო პროცესზე, ამდენად, ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს პირის ბრალეულობას. მასალების შინაარსთან დაკავშირებით ბრალდების მხარე ვერ ისაუბრებს. სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იქნებიან ის ექსპერტები, რომლებმაც გასცეს შესაბამისი დასკვნები და დაიკითხებიან სასამართლოს წინაშეც". - უთხრა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს.
2025 წლის 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. ორ საათში პაატა ბურჭულაძემ, როგორც თავად უწოდა, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს". ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა… რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება". მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა. გვიან ღამით 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო 2 კვირის მანძილზე აიყვანეს აქციის 57 მონაწილე. მათგან მხოლოდ სამს შეუფარდეს გირაო, დანარჩენებს - პატიმრობა. გარდა ამისა, შსს-ს ყოფილი თანამშრომლის, უცხოეთში მყოფი ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ გამოცხადდა ძებნა - კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით. ასევე, სუს-ის მტკიცებით, ამოიღეს საბრძოლო მასალა, რომელიც "4 ოქტომბერს უნდა გამოყენებულიყო".
უკვე დეკემბერში, 4 ოქტომბრის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიაც. იქამდე, ახალაია და მისი ცოლი სუს-ში გამოკითხეს "ტყეში ამოთხრილ იარაღთან" და ბურჭულაძე-ახალაიას სახელით გავრცელებულ დაუდასტურებელ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით. როგორც თავად ახალაიამ თქვა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, "ძალიან მრცხვენია, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული".
ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმის, მითების დეტექტორის ანალიზის მიხედვით, AI-ის ამომცნობი ხელსაწყოები აჩვენებს, რომ ბაჩო ახალაიასა და პაატა ბურჭულაძის შესაძლო საუბარის ამსახველი აუდიოჩანაწერი, რომელიც სამთავრობო მედიაში გავრცელდა, სავარაუდოდ ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი.
აუდიოჩანაწერი თავდაპირველად 4 ოქტომბერს სამთავრობო, პროპაგანდისტულმა ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა, რომლის თანახმადაც ის ელ-ფოსტაზე მიიღეს. შემდგომ ჩანაწერი მთავრობის მხარდამჭერ სხვა მედიებშიც გავრცელდა. რიგმა მედიებმა, მათ შორის, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნა, რომ ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.
ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.





