ჩრდილოეთ კორეა

სერგეი შოიგუ კიმ ჩენ ინთან შესახვედრად ფხენიანში ჩაფრინდა

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში, ფხენიანში ვიზიტით იმყოფება. 

რუსული მედიის ინფორმაციით, შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის პრეზიდენტის დავალებით იმყოფება და გეგმავს ქვეყნის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრას. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის განხილვის ერთ-ერთი საკითხი უკრაინაში არსებული სიტუაცია იქნება. 

ბოლო სამი თვის მანძილზე შოიგუ ფხენიანში მეორედ ჩავიდა. 

ორი ქვეყანა ერთმანეთთან რუსეთის მიერ უკრაინაში სრულასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიდევ უფრო დაახლოვდა.  ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიამ 28 აპრილს პირველად დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, კურსკის ოლქში რუსეთის მხარეს ჩრდილოეთკორეელი სამხედროები იბრძოდნენ. 

30 აპრილს სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერდნენ, რომ რუსეთის მხარეს უკრაინული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში 600 ჩრდილოკორეელი სამხედროა მოკლული, ხოლო დაღუპულების ჩათვლით, ჯამში 4700 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი დაშავდა.

ცნობები იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად 10 000-12 000 სამხედრო გაგზავნა, თავდაპირველად გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა - მარტში სამხრეთ კორეის არმიამ განაცხადა, რომ წლის დასაწყისში ფხენიანმა რუსეთში დამატებით 3000 ჯარისკაცი გაგზავნა. 

სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობითვე, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ასევე გაგზავნა დაახლოებით 15 000 პირი, რომლებიც რუსეთში ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ინდუსტრიული თანამშრომლობის პროგრამების საფუძველზე დასაქმდებიან. 

 

კომენტარები