აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის, ჯეიდი ვენსის სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში აშშ-მ და აზერბაიჯანმა სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას ხელი მოაწერეს.
"ქარტიას, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ ჩვენს პატივცემულ სტუმართან ერთად, ასახულია ჩვენი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში და ვითანამშრომლებთ ანტიტერორისტულ ოპერაციებში. ამას გარდა, გავმართავთ თანამშრომლობას ენერგოუსაფრთხოების საკითხებში. ამჟამად აზერბაიჯანს, საკუთარი ბუნებრივი აირის რესურსებით, წვლილი შეაქვს 16 ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, აქედან 11 NATO-ს წევრი და აშშ-ს მოკავშირეა." - თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.
გასული წლის იანვარში სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს აშშ-მ და სომხეთმაც.
ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ნაბიჯების ფონზე, აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის ნოემბერში გაწყვიტა.





