გერმანია ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ილოვა ვ.-ს დაკავების შემდეგ რუსეთის სამხედრო ატაშეს მოადგილეს ქვეყნიდან აძევებს. დიპლომატი, რომელიც ანდრეი მ.-ს სახელით არის მოხსენიებული, ეჭვმიტანილია იმ ჯაშუშის ხელმძღვანელობაში, რომელიც რუსეთისთვის სამხედრო ინფორმაციას აგროვებდა.
გერმანული გამოცემა Spiegel-ის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთი ელჩი დაიბარეს, რომელსაც შეატყობინეს, რომ საელჩოს სამხედრო ატაშეს მოადგილემ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს გერმანია, რადგან რეალურად ის ერთ-ერთ რუსულ სპეცსამსახურში მუშაობს და სავარაუდოდ დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა დაკავებულ ჯაშუშს. ატაშეს მოადგილეს გერმანიის დატოვებისთვის 72 საათი აქვს.
მანამდე, გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ გერმანიისა და უკრაინის მოქალაქე ილონა ვ. დააკავა, რომელიც გამოძიების თანახმად, გერმანიაში უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ სამხედრო ინფორმაციას აგროვებდა და რუსეთის საელჩოში კონტაქტს გადასცემდა. Spiegel-ის ინფორმაციით, მისი კონტაქტი სწორედ რუსეთის სამხედრო ატაშეს მოადგილე ანდრეი მ. იყო.
პროკურატურის ცნობით, ილონა ვ. რუსეთის საელჩოსთან კონტაქტში 2023 წლიდან იყო და მან არაერთხელ გადასცა მათ სამხედრო თვალსაზრისით სენსიტიური ინფორმაცია, მათ შორის, ბოლოს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ინდუსტრიული ობიექტების ადგილმდებარეობა, ასევე ინფორმაცია დრონების ტესტირებების და უკრაინისთვის დრონების მიწოდების გეგმების შესახებ.





