კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ანანდმა განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს კანადის მოქალაქე "ხელისუფლების ხელით" დაიღუპა.
"ახლახან შევიტყვე, რომ კანადის მოქალაქე ირანში ირანის ხელისუფლების ხელით დაიღუპა. ჩვენი საკონსულო თანამშრომლები კანადაში დაღუპულის ოჯახთან კონტაქტში არიან" - დაწერა ანანდმა სოციალურ ქსელში.
"კანადის გლობალურ საქმეთა დეპარტამენტს აქვს ინფორმაცია ირანში დაღუპული კანადის მოქალაქის შესახებ. ამ რთულ პერიოდში ვუსამძიმრებთ ოჯახს და ახლობლებს" - განუცხადა კანადურ გამოცემა Global News-ს კანადის გლობალური საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ანანდის თქმით, ირანში მიმდინარე "მშვიდობიანმა პროტესტებმა რეჟიმი ადამიანის სიცოცხლის აშკარა უგულებელყოფამდე მიიყვანა".
"ეს ძალადობა უნდა დასრულდეს. კანადა გმობს ირანის რეჟიმის ძალადობას და მის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს" - დასძინა მან.
ცნობისთვის, ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე ორი კვირაა გრძელდება.
გამოცემა New York Times-ის მიხედვით, დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, აქციების ტალღამ ქვეყნის 31-ვე პროვინცია მოიცვა და ამ დრომდე დემონსტრაციები ირანის 585 ქალაქში შენიშნეს.
ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით კვლავ გათიშულია ინტერნეტი და, გავრცელებული ცნობებით, მიმდინარეობს Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის ჩახშობაც.
ირანის მოსახლეობა რეჟიმის წინააღმდეგია, თუმცა ზუსტი გეგმა არ ჩანს – გიორგი სანიკიძის მოსაზრება
ამ ფონზე, 12 იანვარს ირანიდან დევნილმა ტახტის მემკვიდრემ და ოპოზიციურმა ფიგურამ, პრინცმა რეზა ფეჰლევიმ ირანელი დემონსტრანტებისადმი სიტყვით მიმართვისას ანტისამთავრობო "ეროვნული აჯანყების ახალი ეტაპი" გამოაცხადა და მოსახლეობას აცნობა, რომ "გლობალური დახმარება" მალე გამოჩნდება.





