ჯეი დი ვენსი

აშშ-ში ვიცეპრეზიდენტის სახლზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ცინცინატში მდებარე სახლზე თავდასხმის ბრალდებით 26 წლის უილიამ დეფური დააკავეს.

შემთხვევა 5 იანვარს გამთენიისას მოხდა და ვენსი სახლში არ იმყოფებოდა.

საპატიმრო ჩანაწერების მიხედვით, უილიამ დეფურს ბრალდებები ოფიციალური საქმიანობის ხელის შეშლაში, ქონების დაზიანებაში, კერძო საკუთრებაზე უკანონო შეჭრასა და ვანდალიზმში აქვს წაყენებული.

Associated Press-მა სამართალდამცავი ორგანოების ორი წარმომადგენელზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ს საიდუმლო სამსახურის აგენტებმა შუაღამისას სახლთან ხმაური გაიგონეს, რის შემდეგაც აღმოაჩინეს, რომ დეფური სახლის ფანჯრებს ჩაქუჩით ამტვრევდა და სახლში შეღწევას ცდილობდა.

ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, დაკავებულმა სახლთან ახლოს მდგომი საიდუმლო სამსახურის ავტომობილიც დააზიანა.

"ვაფასებ ყველას კეთილ სურვილებს ჩვენს სახლში მომხდარი თავდასხმის გამო. როგორც ჩანს, გიჟმა ადამიანმა ფანჯრების ჩაქუჩით დამტვრევით სახლში შეჭრა სცადა. მადლობას ვუხდი საიდუმლო სამსახურსა და ცინცინატის პოლიციას, რომლებმაც რეაგირება სწრაფად მოახდინეს" - დაწერა ვენსმა სოციალურ ქსელში.

გამოცემა New York Post აღნიშნავს, რომ 2023 წელს დეფურს კერძო საკუთრებაზე უკანონო შეჭრას ედავებოდნენ და მას 10 000 დოლარის გირაოც კი დაუწესეს, თუმცა მაშინ მოსამართლემ დაადგინა, რომ იგი სასამართლო პროცესში მონაწილეობისათვის გონებრივად ქმედუნარიანი არ იყო, რის შედეგადაც ბრალდებები იმავე წლის 8 ნოემბრის დოკუმენტით გაუქმდა.

კომენტარები