ჯეი დი ვენსი

ვენსი: პუტინმა ზუსტად არ იცის, როგორ გამოვიდეს ამ ომიდან

Tom Williams/CQ Roll Call 

აშშ-ს ვიცეპრეზიდნეტი ჯეი დი ვენსი 19 მაისს დაგეგმილ ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

ვენსის თქმით, სატელეფონო საუბრისას ტრამპი კითხავს პუტინს, თუ რამდენად სერიოზულად არის ის განწყობილი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.

"მოლაპარაკებები უკვე რაღაც პერიოდია გრძელდება. ჩვენ ვართ ერთგვარ ჩიხში. ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ეტყვის პრეზიდენტ პუტინს: მომისმინეთ, სერიოზულად ამბობთ ამას? არსებობს ძალიან ბევრი ეკონომიკური სარგებელი, რომელიც რუსეთისა და დანარჩენი მსოფლიოს ურთიერთობების დათბობას მოჰყვება, მაგრამ თქვენ ვერ მიიღებთ ამ სარგებელს, თუ განაგრძობთ უდანაშაულო ხალხის ხოცვას". – თქვა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა.

ვენსის აზრით, რუსეთის პრეზიდენტმა "ზუსტად არ იცის, როგორ გამოვიდეს ომიდან".

"ის (პუტინი) გარკვეულ დათმობებზე წავიდა. ამ მოლაპარაკებებში რამდენიმე სერიოზული ნაბიჯი გადადგა. მაგრამ ვგრძნობთ, რომ ვიმყოფებით წერტილში, რომლიდანაც გამოსავალი არ არსებობს და სწორედ ამიტომ პრეზიდენტი (ტრამპი) მას ტელეფონით გაესაუბრება. სიმართლე გითხრათ, მგონია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ზუსტად არ იცის, როგორ გამოვიდეს ამ ომიდან". – თქვა ვენსმა.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი უკვე დაიწყო.

კომენტარები