ირანი

ირანში დემონსტრაციები და სამოქალაქო არეულობა მეცხრე დღეა გრძელდება

ირანში დემონსტრაციები და სამოქალაქო არეულობა უკვე მეცხრე დღეა გრძელდება.

ცნობების მიხედვით, საპროტესტო ტალღა ირანის 222 დასახლებულ პუნქტს მოედო. აქედან 78 ქალაქია. ჯამში სამოქალაქო არეულობა ქვეყნის 26 პროვინციაში მიმდინარეობს. დაღუპულია სულ მცირე 19 დემონსტრანტი და ერთი ძალოვანი. 

გასულ ღამეს პროცესის ესკალაცია გაგრძელდა. ძალოვნებმა გამოიყენეს ტყვიები. ყველაზე მეტი - ხუთი - ადამიანი დაიღუპა ქალაქ მალექშაჰში. დაშავდა კიდევ 30-მდე პირი მას შემდეგ, რაც ძალოვნებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს.

ვრცელდება ცნობები ძალოვან უწყებებთან მცირე შეტაკებების შესახებ. ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეოში დემონსტრანტს უჭირავს შაშხანა და ჰაერში ისვრის. 

ირანის უზენაესმა მოსამართლის თქმით, დემონსტრანტების მიმართ "არ იქნება ლმობიერება". მისი მტკიცებით, მათ მხარს უჭერს ისრაელი და აშშ. 

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 4 იანვარს თქვა, რომ თუ ძალოვნები დემონსტრანტებს დახოცავენ, ირანი "აშშ-სგან მძიმე დარტყმას მიიღებს".


29 დეკემბერს ირანის დედაქალაქ თეირანში და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები დაიწყო.

New York Times წერდა, რომ დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.

ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, 29 დეკემბერს ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, მოჰამად რეზა ფარზინმა გადადგომის შესახებ განაცხადა.

28 დეკემბერს ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა პარლამენტში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას კრიზისის მასშტაბი აღიარა.

"ამბობენ - 'ხელფასები გაზარდეთ' - საიდან მოვიტანოთ ფული?" - განაცხადა მან. არსებული მდგომარეობა ფეზეშკიანმა წინა მთავრობების, პარლამენტებისა და ოფიციალური პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს დააბრალა.

კომენტარები