სასამართლო სხდომის შემდეგ სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთა საუბრისას თქვა, რომ პროცესი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დაიხურა, რათა არ მოხდეს რომელიმე პირზე სხვადასხვა ფორმით და გარემოებით ზეწოლა.
ბერძენიშვილის თქმით, გამოკითხული არიან საქმეში შემხებლობაში მყოფი პირები, თუმცა, არ ასახელებს კონკრეტულად ვინ.
ამასთან ერთად, პროკურორის ინფორმაციით, ამჟამად ლილუაშვილს გამოძიებისთვის რაიმე სახის ინფორმაცია არ მიუწოდებია.
"იმის გათვალისწინებით, რომ საქმე არის საკმაოდ სენსიტიური, მრავალი დეტალი იკვეთება და გამოძიება მუშაობს მრავალ დეტალზე. მე მესმის, რომ არის საზოგადოების უდიდესი ინტერესი
[...] თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი დეტალი არის დასადგენი, საკმაოდ აქტიურ ფაზაში ვართ და ვმუშაობთ. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარე მიზანშეწონილად მიიჩნევს, გამოძიების დასრულებამდე არ გამჟღავნდეს კონკრეტული დეტალები, რათა გამოძიებას მიეცეს საშუალება სრულყოფილად ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება. არ მოხდეს რომელიმე პირზე სხვადასხვა ფორმით და გარემოებით ზეწოლა და რა თქმა უნდა, ეს არის საზოგადოების ინტერესიც. [...] ამიტომ მოვითხოვეთ პროცესის დახურვა.
[...] ქრთამის აღების რამდენიმე ეპიზოდი არის, მათ შორის, თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის საკითხი, რაც, ბუნებრივია, იწვევს დიდ ინტერესს. ეს არის საკმაოდ კომპლექსური ხასიათის დანაშაული. [...] გამოკითხული არიან შემხებლობაში მყოფი პირები. ამ საქმეში მოიპოვება მათ შორის პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები, რასაც თქვენ მამხილებელს უწოდებთ. [...] ამ საქმეში კონკრეტული პირები, ვინ არიან გამოკითხული, ვერ გიპასუხებთ ჯერჯერობით.
გრიგოლ ლილუაშვილს ამ ეტაპისთვის გამოძიებისთვის რაიმე სახის ინფორმაცია მოწოდებული არ აქვს.
გამოძიება დაახლოებით 2 თვეა მიმდინარეობს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ საქმეზე შეიქმნა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რომ ბრალდებულმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქმედებები, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა". - თქვა ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - შემდეგი სასამართლო სხდომა 16 თებერვალს ჩაინიშნა.
ლილუაშვილის საქმის განხილვა, პროკურორის შუამდგომლობით, დახურული იყო.
ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის განცხადებით ლილუაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
შეგახსენებთ, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი 23 დეკემბერს დააკავეს. ივანიშვილის პროკურატურა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.





