რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

წყალქვეშა ნავზე იერიშამდე უკრაინის ძალებმა რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი გაანადგურეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში (СБУ) აცხადებენ, რომ, მანამ სანამ წყალქვეშა ნავ "ვარშავიანკაზე" იერიშს მიიტანდნენ, ეისკის ავიაბაზაზე Ил-38Н-ის ტიპის მოდერნიზებული რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი გაანადგურეს.

უკრაინის უსაფრთხოების უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს თვითმფრინავი განკუთვნილია საზღვაო დაზვერვისთვის, წყალქვეშა ნავების აღმოჩენისთვისა და აკვატორიის კონტროლისთვის. ასევე ნათქვამია, რომ შავ ზღვაში რუსეთს ამ კლასის მხოლოდ ერთი თვითმფრინავი ჰყავდა. მისი ღირებულება დაახლოებით 24 მილიონ დოლარს უტოლდება.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, Ил-38Н-ის გასანადგურებლად თანამედროვე მოიერიშე დრონი გამოიყენეს.

15 დეკემბერს СБУ-მ ჩაატარა ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც, ისტორიაში პირველად, საზღვაო დრონებმა წყალქვეშა ნავი გაანადგურეს. უკრაინელებმა იერიში საკუთარი წარმოების Sub Sea Baby-ის ტიპის წყალქვეშა დრონებით მიიტანეს. Ил-38Н-ს ამ დანადგარის აღმოჩენა შეეძლო.

კომენტარები