ირანის სამთავრობო მედიამ ანონიმურ წყაროებსა და თვითმხილველებზე დაყრდნობით 22 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის რამდენიმე ქალაქში სარაკეტო წვრთნები ჩატარდა.
ირანის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეგრამ არხმა და Nournews-მა გამოაქვეყნეს ვიდეოები, რომლებშიც რაკეტების გაშვების კადრები ჩანს.
ირანული მედიის მიხედვით, რაკეტების გაშვება თეირანიდან, ისპაანიდან და მაშადიდან მოხდა. თუმცა, მოგვიანებით სამთავრობო მედიამ "ინფორმირებულ წყაროებზე" დაყრდნობით უარყო, რომ რაკეტების გამოცდა მოხდა და განაცხადა, რომ გავრცელებულ კადრებზე "მაღალი სიმაღლის თვითმფრინავი" ჩანდა.
მანამდე, 20 დეკემბერს, NBC News წერდა, რომ ისრაელელ მაღალჩინოსნებში მატულობს შეშფოთება, რომ ირანი აფართოებს ბალისტიკური რაკეტების პროგრამას, რომელსაც ისრაელის არმიამ გასულ წელს სერიოზული ზიანი მიაყენა.
ოთხი ამერიკელი მაღალჩინოსნის ცნობით, ამის გამო სრაელი ემზადება, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანზე შესაძლო ხელახალი თავდასხმის გეგმები წარუდგინოს.
წყაროების მიხედვით, ისრაელელი მაღალჩინოსნები შეშფოთებულები არიან, რომ ირანი ივნისში აშშ-ს მიერ დაბომბილი ბირთვული გამდიდრების ობიექტების აღდგენის პროცესშია. თუმცა, მათ ასევე დაამატეს, რომ მაღალჩინოსნებისთვის უფრო მყისიერ საფრთხეს წარმოადგენს თეირანის ძალისხმევა, რომ ბალისტიკური რაკეტების საწარმო ობიექტები აღდგეს და შეკეთდეს დასუსტებული საჰაერო თავდაცვის სისტემები.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპსა და ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის შეხვედრა ამ თვეში ფლორიდაშია მოსალოდნელი. წყაროების თქმით, შეხვედრაზე ნეთანიაჰუ აპირებს, ტრამპს უთხრას, რომ ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების პროგრამის გაფართოება საფრთხეს წარმოადგენს, რასაც მყისიერი საპასუხო ქმედებები სჭირდება.
ამასთანავე, NBC News-ს წყაროებმა აღნიშნეს, რომ ნეთანიაჰუ ტრამპს წარუდგენს შესაძლო ვარიანტებს, რათა აშშ ნებისმიერ ახალ სამხედრო ოპერაციას შეუერთდეს ან ისრაელს დახმარება გაუწიოს.
ამ ძალისხმევის ფარგლებში ნეთანიაჰუ შეეცდება, ტრამპი დაარწმუნოს, რომ ირანის ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ისრაელს, არამედ ზოგადად რეგიონსა და, მათ შორის, აშშ-ს ინტერესებსაც.





