აზერბაიჯანი სომხეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. შესაბამის განცხადებას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სომხეთის არმიის დანაყოფები, რომლებიც ვარდენისის რეგიონში, გარაიმანის და იუხარი შორჯის დასახლებების მიმართულებებზე არიან განლაგებულნი, "პერიოდულად ხსნიდნენ ცეცხლს აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციებისკენ".
ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ "აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებმა ზემოხსენებულ მიმართულებებზე ადეკვატური კონტრზომები მიიღეს".
პარალელურად, საპასუხო განცხადებას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო და აღნიშნავს, რომ "აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება".
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სომხეთის პრემიერის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის და მასთან დაკავშირებული ანგარიშების გამოსაძიებლად ერთობლივი მექანიზმის შექმნა შესთავაზა, თუმცა, ოფიციალურ ბაქოს ამ ინიციატივაზე პასუხი არ გაუცია.





