მოსკოვის ოლქში, ოდინცოვის რაიონში დანით შეიარაღებული მოზარდი სკოლაში მოსწავლეებს თავს დაესცა. აჟამინდელი ცნობებით, დაღუპულია ერთი, მეოთხე კლასელი ბავშვი. თავდამსხმელი საკუთარი მოქმედებების ვიდეოს იღებდა.
გავრცელებულ ვიდეოში დანით შეიარაღებული მოზარდი მოსწავლეებს, რომლებსაც მასწავლებელი ეფარებოდა, ეკითხებოდა, თუ რა ეროვნების იყვნენ. რუსულ ტელეგრამ არხებზე წერენ, რომ თავდამსხმელი სკოლაში კონკრეტულ მასწავლებელს ეძებდა.
თავდამსხმელი ძალოვნებმა დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ის 15 წლის ტიმოფეი კ. არის და იმავე სკოლაში სწავლობდა. ტელეგრამ არხი BAZA წერს, რომ თავდასხმის შემდეგ მან ფოტო გადაიღო მოკლული ბავშვის ცხედართან. დაუდასტურებელი ცნობების მიხედვით, ბავშვი ტაჯიკების ოჯახიდან იყო.
ამას გარდა, რუსულ ტელეგრამ არხებზე წერენ, რომ თავდასხმის წინ ტიმოფეიმ თანასკოლელებს გაუგზავნა საკუთარი ნეონაცისტური მანიფესტი, სახელად "ჩემი რისხვა", რომელშიც ის ებრაელების, მუსლიმებისა და ლიბერალების მიმართ სიძულვილზე საუბრობდა. ის ციტირებდა ამერიკელი ერიკ ჰარისის სიტყვებს, რომელმაც სკოლაში სროლა მოაწყო.
ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ფოტოები, რომლებიც ტიმოფეი კ.-მ თავდასხმამდე და მის შემდეგ გადაიღო. ამას გარდა, დაკავების ფოტოებში ჩანს, რომ მას ეცვა მაისური წარწერით - "No Lives Matter". ეს ამერიკაში მოქმედი Black Lives Matter-ის მოძრაობის გაშარჟებული ვარიანტია. ამავე სახელით მოქმედებს საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფი. ამ დაჯგუფების ინიციალები - NLM - ეწერა ჩაფხუტზეც, რომელსაც თავდამსხმელი ატარებდა. NLM-მა გასულ წლებში ალიანსი გამოაცხადა ნეონაცისტური და სატანისტური იდეოლოგიის მქონე მანიაკთა მკვლელობის კულტთან, რომლის ქართველი ლიდერი, მიხაილ ჩხიკვიშვილი აშშ-ს ოპერაციის ფარგლებში გასულ წელს მოლდოვაში დააკავეს.
ამას გარდა ჩაფხუტზე ეწერა ნეონაცისტი დილან რუფის ციტატა: "მე მომიწია ეს გამეკეთებინა, რადგან ვიღაცას რაიმე უნდა ეღონა". რუფმა 2015 წელს აშშ-ში, ქალაქ ჩარლსტონში მდებარე ეკლესიაში 9 შავკანიანი მოკლა. ასევე ჩაფხუტზე ეწერა 2083, რაც ნორვეგიელი ექსტრემისტის, ანდრეს ბრეივიკის მანიფესტის - "2083: ევროპის დამოუკიდებლობის დეკლარაციის" ალუზიაა. თავდამსხმელს ჩაფხუტზე ეწერა თეთრი სუპრიმასისტების წრეებში გავრცელებული კიდევ ერთი სიმბოლური რიცხვები - 13/52, რაც აშშ-ში შავკანიანების რაოდენობასა და თითქოსდა ჩადენილ დანაშაულებში მათ პროცენტულობას ასახავს. გავრცელებულ ფოტოში ჩანს ჩაფხუტზე დაწერილი ანტისემიტური ლოზუნგებიც. ასევე, ჩანს წარწერა SYGAOWN, რომელიც კიდევ ერთი ნეონაცისტური ფრაზაა და ასე იშიფრება: შეწყვიტეთ თქვენი გენოციდი ჩვენი თეთრი ერების წინააღმდეგ". ამ წარწერას ატარებდა ნიუ-იორკის შტატში, ბაფალოში 2022 წელს სკოლაზე თავდამსხმელი ფეიტონ გენდრონი.

NLM-ი მიზანთროპული მოძრაობაა, რომელიც დაკავშირებულია ექსტრემისტულ კრიმინალურ ქსელთან, რომელიც Com-ის სახელით არის ცნობილი. ამ ჯგუფს აქვს კავშირები როგორც ექსტრემისტულ ინტერნეტმოძრაობა 764-თან, ასევე ნეონაციზმისა და სატანიზმის იდეოლოგიაზე დაფუძნებულ მანიაკთა მკვლელობის კულტთან, რომლის ქართველი ლიდერიც ამჟამად აშშ-ში იხდის სასჯელს.
მსგავსი ჯგუფები დაკავშირებული არიან თავდასხმებთან და ბავშვების სექსუალურ და ფსიქოლოგიურ შევიწროებასთან. გამოცემა Wired ამ წლის მარტში წერდა, რომ NLM-ს უკავშირდება ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში მომხდარი მრავალი დანით თავდასხმა, მკვლელობა, აფეთქება, სროლა, სკოლაზე თავდასხმა და სხვა დანაშაულები. დაჯგუფების მანიფესტი "აღმერთებს სიკვდილს" და "სურს კაცობრიობის განწმენდა დაუსრულებელი თავდასხმების მეშვეობით". NLM-ს გავრცელებული აქვს სულ მცირე ორი "მკვლელობის სახელმძღვანელო", რომელიც ევროპასა და აშშ-ში მომხდარ თავდასხმებს უკავშირდებოდა.
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და მზადყოფნის ნიუ ჯერსის ოფისის 2024 წლის ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ NLM-ი საკუთარ ტელეგრამ არხებზე მიმდევრებისგან ითხოვდა ვანდალისტური აქტების ჩადენასა და ხანძრების გაჩენას. ამას გარდა, ამავე ინფორმაციით, NLM გაწევრიანებისთვის მიმდევრებს თვითდაზიანების მიყენებას და სხეულზე ჯგუფის ინიციალების ამოტვიფრას სთხოვს. ამავე ცნობების მიხედვით, NLM-მა საკუთარი "მკვლელობის სახელმძღვანელოები" რუსეთში მოქმედ WRME-სთან და მანიაკთა მკვლელობის კულტთან (МКУ) ერთად შეიმუშავა. МКУ NLM-ს "იარაღისმიერ ძმას" უწოდებდა და ერთობლივი თავდასხმებით იმუქრებოდნენ.
NLM, ისევე როგორც МКУ, აქსელერაციონიზმის ექსტრემისტული იდეოლოგიის მიმდევარი ჯგუფია. მსგავსი მოძრაობები ახალისებენ თავდასხმებს, მასობრივ მკვლელობებსა და კრიმინალურ აქტიურობას, რომელიც ძირს გამოუთხრის თანამედროვე მსოფლიო წესრიგს. NLM-ის პოზიციით, "სოციალური სტანდარტები არ უნდა არსებობდეს" და "ისინი უნდა განადგურდეს ყველანაირი შესაძლო გზით". 2024 წლის აპრილში NLM-მა საკუთარ ონლაინ პლატფორმებზე გამოაცხადა, რომ მოძრაობა 764-თან თანამშრომლობას წყვეტდნენ. როგორც თავად ირწმუნებოდნენ, საკუთარი იდეოლოგია 764-ის მოძრაობისთვის შეიქმნა, თუმცა "ალიანსი" ამ უკანასკნელის სატანიზმთან და პედოფილიასთან კავშირების გამო შეჩერდა.
764-თან დაკავშირებული პირები არასრულწლოვნებს თვითდაზიანებების მიყენებასა და თვითმკვლელობას აიძულებენ, ავრცელებენ ბავშვთა პორნოგრაფიას.
Com ქსელის ონლაინ დაჯგუფებები დაკავშირებული არიან გასულ საუკუნეში დიდ ბრიტანეთში დაარსებულ ცხრა კუთხის ორდენთანაც, რომელიც იზიარებს აქსელერაციონისტურ მიდგომებს. ეს დაჯგუფება სატანიზმისა და ნეონაციზმის ელემენტებს აერთიანებს. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი მსგავს დაჯგუფებებს ტერორისტული საფრთხის პირველ დონედ აღიქვამს.
ვრცლად მსგავს ჯგუფებზე შეგიძლიათ წაიკითხო აქ – ჩხიკვიშვილის საქმე და სადისტური ჯგუფები – მანიაკები ინტერნეტის ბნელი კუთხეებიდან.





