ავსტრალია

ავსტრალიელ ქალს, რომელმაც ნათესავები შხამიანი სოკოთი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ავსტრალიელ ქალს, რომელმაც შხამიანი სოკოთი მომზადებული საკვებით სამი ნათესავი მოკლა და კიდევ ერთი ადამიანის მკვლელობა სცადა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

50 წლის ერინ პატერსონს შეწყალებაზე განაცხადის შეტანის უფლება, სულ მცირე, 33 წლის განმავლობაში არ ექნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შეფასებით, პატერსონის ქმედებები დანაშაულის ჩადენის "ყველაზე ცუდ კატეგორიას" მიეკუთვნება და დანაშაულის დაფარვის "დახვეწილ ფორმებს" მოიცავს.

პატერსონმა 2023 წელს, ავსტრალიის ქალაქ ვიქტორიაში, საკუთარ სახლში შხამასოკოთი (Amanita phalloides) მომზადებული ბიფ ველინგტონით საკუთარი ყოფილი ქმრის მშობლები, 70 წლის დონ და გეილ პატერსონები და გეილის და, 66 წლის ჰიზერ უილკინსონი მოკლა.

ჰიზერის ქმარი, ადგილობრივი პასტორი, იან უილკისონი სადილს გადაურჩა და კომიდან გამოვიდა, თუმცა, მოწამვლისგან დატოვებულ ჯანმრთელობის პრობლემებს დღემდე ებრძვის.

სადილს არ დაესწრო ერინის ყოფილი ქმარი, საიმონ პატერსონი, რომელიც დაპატიჟებული იყო, თუმცა, საბოლოოდ მისვლა გადაიფიქრა, რადგან ფიქრობდა, რომ ერინი მის მოწამვლას წლების განმავლობაში ცდილობდა.

ერინ პატერსონი დიდი ხნის განმავლობაში აცხადებდა, რომ უდანაშაულო იყო და შხამიანი სოკოები მის მომზადებულ სადილში "შემთხვევით" მოხვდა.

პატერსონს სამი ადამიანის მკვლელობისთვის სამი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, პასტორის მკვლელობის მცდელობისთვის კი დამატებით 25 წელი.

კომენტარები