აშშ-ს საგარეო პოლიტიკა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო

REUTERS/Tom Brenner/File Photo

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 10 დეკემბერს ყოველწლიური ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA) მიიღო, რომელიც მომდევნო წელს ეროვნულ უსაფრთხოებაზე რეკორდული, $901 მილიარდის დახარჯვის ნებართვას გასცემს.

კენჭისყრაზე კანონპროექტის მიღებას 312-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 112-ის წინააღმდეგ. ამასთან, 94 დემოკრატ კონგრესმენთან ერთად მოწინააღმდეგეთა შორის 18 რესპუბლიკელიც იყო.

კანონპროექტი, რომელიც ახლა აშშ-ს სენატმაც უნდა მიიღოს, თავდაცვის დეპარტამენტისთვის $8 მილიარდით მეტს ითვალისწინებს იმასთან შედარებით, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაისში კონგრესისგან მოითხოვა. 

3 000-გვერდიანი კანონპროექტი პენტაგონის პროგრამებზე ავტორიზაციას იძლევა, თუმცა მათ დაფინანსებას არ უზრუნველყოფს. მომდევნო ფისკალური წლისთვის საბიუჯეტო კანონპროექტი კონგრესმა ცალკე უნდა მიიღოს. 

წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი 2029 წლის 31 დეკემბრამდე ახანგრძლივებს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივას (USAI), რომელიც 2026 და 2027 წლის ფისკალური წლებისთვის, უკრაინისთვის $400-400 მილიონის გამოყოფის ავტორიზაციას იძლევა. 

ამავდროულად, კანონპროექტი აშშ-ს თავდაცვის მინისტრს ავალდებულებს, რომ კონგრესს 48 საათის განმავლობაში შეატყობინოს, თუკი უკრაინის მთავრობისთვის სამხედრო დაზვერვის კუთხით დახმარების დაპაუზების, შეჩერების ან მატერიალურად დაქვეითების გადაწყვეტილება იქნება მიღებული. 

თავდაცვის სამინისტრომ ასევე ყოველ კვარტალში ერთხელ კონგრესს ანგარიში უნდა წარუდგინოს, რომელშიც დეტალურად არის ასახული მოკავშირეებისა და პარტნიორების მხრიდან უკრაინისადმი გაწეული დახმარება, მათ შორის, ორმხრივი სამხედრო კონტრიბუციები და აშშ-ს PURL ინიციატივის ფარგლებში გამოყოფილი დახმარება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ კანონპროექტი ახანგრძლივებს აკრძალვას უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტის აღიარებასთან დაკავშირებით ფინანსების ხელმისაწვდომობაზე.

ამასთანავე, კანონპროექტის მიხედვით, NATO-ს ქვეყნებში აშშ-ს არმიის ბაზირებასთან და წვრთნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა მოხდეს ივნისში ჰააგის სამიტის დეკლარაციის შეთანხმებით აღებული ვალდებულებებისადმი ალიანსის წევრი ქვეყნების პროგრესის გათვალისწინება. საუბარია ტრამპის ძალისხმევით NATO-ში მიღწეულ შეთანხმებაზე, რომ ალიანსის სახელმწიფოები 2035 წლისთვის თავდაცვაზე ყოველწლიურად მშპ-ს არანაკლებ 5%-ს დახარჯავენ.

კანონპროექტით კონგრესი ასევე დაფინანსებას ზღუდავს ისეთი ქმედებებისთვის, რომლითაც აშშ-ს ევროპული სარდლობის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე მუდმივად განლაგებული ან გაგზავნილი ამერიკული ძალების რაოდენობა 76 000-ის ზღვარს ქვემოთ შემცირებას, სამხედრო საკუთრების გაყიდვას ან ევროპაში NATO-ს უმაღლესი სარდლის როლზე უარის თქმას გულისხმობს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ პალატის მიერ მხარდაჭერილი NDAA-ს აქტი მთავრობას ავალდებულებს, შეიქმნას ბალტიის უსაფრთხოების ინიციატივა (BSI), რათა გაღრმავდეს უსაფრთხოების კუთხით ბალტიის ქვეყნებთან აშშ-ს თანამშრომლობა, რისი მიზანიც რუსული აგრესიის აღკვეთა და NATO-ს სტრატეგიული კონცეფციის დანერგვაა.

პარალელურად, თავდაცვის კანონპროექტი მოიცავს ვალდებულებას, რომ ტაივანთან ერთად ერთობლივი პროგრამა შეიქმნას, რომლის კონკრეტული მიზანიც უპილოტო სისტემებისა და მათი საწინააღმდეგო სისტემების შესაძლებლობების განვითარება იქნება.

ამასთან, კანონპროექტი აშშ-ს ავალდებულებს, შეისწავლოს ყოვლისმომცველი სამხედრო მობილიზაციისა და მდგრადობის მიმართ მზადყოფნა, რათა მოხდეს ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონში მაღალი ინტენსიურობის მქონე გაუთვალისწინებელი გარემოებისადმი აშშ-ს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შეფასება, კონკრეტულად ტაივანის სრუტის შემთხვევაში.

ამას გარდა, წინა კვირაში The Hill-მა წყაროებზე დაყრდნობით ასევე გაავრცელა ცნობა, რომ სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს MEGOBARI აქტის მხარდაჭერაზე უარი უთხრა.

გამოცემის ინფორმაციით, ჯონსონს სურდა, რომ MEGOBARI აქტი ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში მოხვედრილიყო. წყაროების მიხედვით, კონგრესმენმა ჯონსონმა 21 ნოემბერს აქტიურად დაიწყო როგორც რესპუბლიკელ, ასევე დემოკრატ სენატორებთან საუბარი, რათა აქტი NDAA-ში ჩაწერილიყო, თუმცა, სენატორმა ტუნმა კვლავ უარი განაცხადა. ტუნმა სენატორი მარკვეინ მალინის თხოვნით კანონპროექტში MEGOBARI აქტის შეტანაზე უარი სექტემბერშიც თქვა. 

კომენტარები