აშშ-ს საგარეო პოლიტიკა

უილიამ (ბილ) კრისტოლი: დღეს ჩვენს მოკავშირეებს არ სჯერათ ჩვენი ძლიერების

მართალია, პირველ კოკუსებამდე, რომელიც ტრადიციულად აიოვაში გაიმართება, ჯერ კიდევ 4 თვეა დარჩენილი, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანია უკვე მთელი ძალით მიმდინარეობს. რესპუბლიკელებს წარმატების იმედი აქვთ.

ერთი შეხედვით, ეს იმედი არცთუ უსაფუძვლოა – ამერიკელთა 81% უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ იმართება ქვეყანა. პრეზიდენტ ობამას საქმიანობას მხოლოდ 39% იწონებს. გელაპის კვლევის მიხედვით, არჩევნები ახლა რომ იმართებოდეს, მას ხმას მხოლოდ 38% მისცემდა, რესპუბლიკელთა ჯერაც უცნობ კანდიდატს კი – 46%.

ამერიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ტაბულა ჟურნალ The Weekly Standard-ის რედაქტორსა და Fox News-ის კომენტატორ უილიამ (ბილ) კრისტოლს ესაუბრა. თავის დროზე იგი რეიგანის განათლების მინისტრისა და ამერიკის 44-ე ვიცე-პრეზიდენტის აპარატის უფროსი იყო. დღეს კრისტოლი ათეულობით მემარჯვენე ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრია და ნეორეიგანული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგად ითვლება.

იგი ნეოკონსერვატიული მოძრაობის პატრიარქის, ირვინგ კრისტოლისა და ცნობილი ისტორიკოსის, გერტრუდა ჰიმელფარბის შვილია. ასეთი ოჯახიდან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბილ კრისტოლი პოლიტიკაში 12 წლის ასაკიდან ჩაერთო და მას შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კონსერვატორად იქცა.


მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებით დავიწყებ. უცნაური ატმოსფეროა, დემოკრატები შიშობენ, რომ ობამა ერთვადიანი პრეზიდენტი იქნება, მაგრამ არც რესპუბლიკელები არიან მხნედ, განსაკუთრებით მათი პარტიის ბოლო დებატებში რიკ პერის მოსმენის შემდეგ. თქვენ რას ფიქრობთ?

მართალია, ობამა სუსტია და სავარაუდოდ ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ არც რესპუბლიკელები არიან საუკეთესო ფორმაში. ისეთი არჩევნები, სადაც პრეზიდენტი მეორე ვადისთვის იბრძვის, როგორც წესი, მისი რეფერენდუმია. რესპუბლიკელებს რომ მისაღები კანდიდატი ჰყავდეთ, ობამას დამარცხების რეალური შანსი აქვთ. მეორე საკითხია, თუ როგორ გამოვიყვანოთ ძლიერი რესპუბლიკელი ბრძოლის ველზე – ამის თქმა რთულია.
როგორც რესპუბლიკელი და კონსერვატორი, ვამბობ, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი გუბერნატორი, კონგრესმენი და სენატორია რესპუბლიკურ პარტიაში, მაგრამ ისინი, ბევრის გასაოცრად, კენჭს არ იყრიან. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ობამას ნოემბერში ბევრი უსიამოვნება ელის.

ნიუ ჯერსის გუბერნატორის, კრისტის გუშინდელ გამოსვლაზე რა აზრის ხართ, იმ სიტყვას ვგულისხმობ, რომელიც მან რეიგანის ბიბლიოთეკაში წარმოთქვა. ამბობენ, რომ მანაც შეიძლება წამოაყენოს თავისი კანდიდატურა…

დიდი იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება. ვფიქრობ, რომ კარგი სიტყვა თქვა. ის ძალიან ზოგადი იყო – არ მიმოუხილავს არც საგარეო პოლიტიკა, არც სხვა რამ. თუ ატყობთ, საგარეო პოლიტიკაზე ყველა ნაკლებს საუბრობს, არ უნდათ საბრძოლო განწყობა დაანახონ ამომრჩეველს, რომ ამ უკანასკნელმა მათში ბუში არ ამოიკითხოს. მაგრამ მასშტაბურად თუ შეხედავ, დაინახავ, რომ ბუშისა და მაკკეინის ტრადიცია იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე ხალხი მოელოდა.

სამი წლის წინ რომ გეკითხა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად არაპოპულარული იყო ბუში პრეზიდენტობის ბოლოს, ხალხის რეაქცია თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეაზე გაცილებით მწვავე იქნებოდა. მაგრამ ვხედავთ, რომ რომნიც, პერიც, კრისტიც და ბაკმანიც ამერიკული ძლიერების იდეის მომხრეები არიან და ამერიკის ლიდერობის სჯერათ. მართალი გითხრათ, მე ეს ძალიან მსიამოვნებს.

ბევრი კომენტატორი აღნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკა ამ წინასაარჩევნო კამპანიის დღის წესრიგში არ იქნება – შეერთებულ შტატებს ბევრი შიდა პრობლემა აქვს და საგარეო საკითხების წამოწევა ამომრჩეველს მხოლოდ გააღიზიანებს – ამბობენ ისინი. თქვენც ასე ფიქრობთ?

ნაწილობრივ კი. აშკარაა, რომ ამ კამპანიის ფოკუსში, პირველ რიგში, ეკონომიკის გამო, შიდა პოლიტიკა იქნება. თუმცა ამომრჩეველი, განსაკუთრებით 9/11-ის შემდეგ, იმასაც აცნობიერებს, რომ მთავარსარდალს ირჩევს. გამოკითხვა რომ ჩაატარო, რას მიიჩნევენ ისინი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად, პასუხი აუცილებლად ეკონომიკა და ეკონომიკური პოლიტიკა იქნება. თუმცა, ვფიქრობ, საგარეო პოლიტიკაში ტესტის ჩაბარება კანდიდატს მაინც მოუწევს.

ამომრჩეველმა უნდა დაიჯეროს, რომ ვისაც ხმას მისცემს, იმას ქვეყნის მართვა შეუძლია. აი, დააკვირდით, როგორ გამოადგა ობამას მტკიცე ნაბიჯები, სადაც ლიდერის თვისებები გამოავლინა – მაგალითად, როცა ავღანეთში ჯარების რაოდენობის გაზრდა გადაწყვიტა. ხოლო მაშინ, როდესაც უკან დაიხია, ჯარების გამოყვანის ბოლო ვადა დააწესა და მისი კოლეგები უკანა რიგებიდან მართვაზე ალაპარაკდნენ – ის დაზარალდა. პოპულარობას ვგულისხმობ.

ამერიკელები მშვიდობიანი ხალხია, თანამედროვე, საქმიანი ხალხი. ისინი არ ოცნებობენ 9 მთას იქით ომების წამოწყებაზე, ან ისეთი ტვირთის ზიდვაზე, რომელიც არ ეკუთვნით, მაგრამ მათ იციან არსებული საფრთხეების შესახებ და აცნობიერებენ ამერიკის პასუხისმგებლობას. ასე რომ, არ მგონია ეს კამპანია იზოლაციონიზმისკენ გადაიხაროს.

ზოგიერთი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ტრანსატლანტიკური ერთობა ირღვევა, ევროპასა და ამერიკას შორის კავშირი მტკიცე აღარ არის. თქვენ რას ფიქრობთ?

ამას დიდი ხანია ამბობენ და ცივი ომის დასრულების შემდეგ მოსალოდნელიც იყო. ლიბიის მაგალითი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ვფიქრობ, ევროპელებიც ხვდებიან, რომ ბირთვული იარაღი ირანში ცუდია. მაგრამ ისიცაა, რომ საქართველოს მიმართ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში გარკვეული როლი რუსეთის ეკონომიკურმა ზეწოლამ შეასრულა.

გულწრფელად რომ გითხრათ, მირჩევნია ევროპა უფრო ძლიერი იყოს. ვწუხვარ, რომ პუტინის რუსეთის, ჩინეთისა და ახლო აღმოსავლეთის პირობებში უფრო მტკიცე და ძლიერ ევროპას ვერ ვხედავ. კარგი იქნებოდა მეტს ხარჯავდნენ თავდაცვაზე და თამამ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდნენ. მაგრამ ევროპაში შეიძლება ისეთი ახალი პარტნიორების მოძებნა, რომლებიც ძველი პარტნიორების ჩანაცვლებას შეძლებენ.

თქვენ მხარი დაუჭირეთ პრეზიდენტ ობამას ლიბიის კამპანიაში. ახლა, როცა კადაფი წავიდა, რა უნდა ქნას დასავლეთმა? თვლით თუ არა, რომ ევროპამ და ამერიკამ ინვესტიცია უნდა ჩადოს ლიბიის მომავალში, რათა იქ პროცესი ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ დაიძრას?


რასაკვირველია, ჩვენ ლიბიას დრო, ძალისხმევა, გარკვეულწილად ფულიც უნდა დავუთმოთ და შევეცადოთ, ეს ოპერაცია წარმატებით დასრულდეს. ისევე, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში. ძველი რეჟიმის თავიდან მოშორება არაფერს ნიშნავს, თუ ნორმალური ხელისუფლება არ მოვიდა. ცხადია, რეალისტური მოლოდინი უნდა გვქონდეს.

არავინ მოელის, რომ ლიბიაში ევროპული დემოკრატია რამდენიმე კვირაში დამყარდება, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს იქ ნორმალური მთავრობა იქნება, თუ ქაოსი ან ისლამური რეჟიმი. ამიტომაც, ახლა როცა კადაფი აღარ არის, ლიბიელებს ზურგი არ უნდა შევაქციოთ.

ფიქრობთ, რომ შეერთებული შტატების ეს ადმინისტრაცია ლიბიაში ინვესტირებისთვის მზადაა?

ცოტას გაიღებენ, ბევრს არა. კარგი ისაა, რომ ეს ადმინისტრაცია არც ისეთი ცუდია, როგორიც შეუძლია იყოს. ცუდი – ის, რომ რისკზე არ მიდის და ლიდერის თვისებებს არ ავლენს, ამიტომ ყველაფერი სუსტი ჩართულობით მთავრდება. როგორც ვთქვი, სულ არაფერს სჯობია. უარესი შეიძლება ყოფილიყო.

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ახლახან განაცხადა, რომ პუტინის გეგმა, კენჭი იყაროს პრეზიდენტად, გადატვირთვის პოლიტიკას ხელს არ შეუშლის. რას ფიქრობთ ამ განცხადებაზე?

ვფიქრობ, ეს სასაცილოა. თავისთავად, გადატვირთვის პოლიტიკაც ხომ სასურველის რეალურად გასაღების მცდელობაა. ახლა, ეს რომ გაირკვა, ადმინისტრაციას არ სურს აღიაროს, რომ შეცდა. ვფიქრობ, მათი მხრიდან იმის თქმა უკეთესი იქნება, რომ მათ სცადეს თამაშის წესების შეცვლა ისე, რომ ბევრი და ფუნდამენტური არაფერი დაუთმიათ. ამის ნაცვლად, ამტკიცებენ, რომ ყველაფერი ისე მიდის, როგორც მათ სურდათ – ეს სასაცილოა.

თქვენ როგორ შეაფასებდით გადატვირთვის პოლიტიკის შედეგებს?

რუსეთი მეტად ლიბერალური არ გამხდარა, უფრო პირიქით. მისი დამოკიდებულება საქართველოსა და სხვა მეზობლებისადმი, თქვენ უკეთ იცით, როგორია. ისინი არ თანამშრომლობენ ჩვენთან არც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. ლაპარაკი ისმის, მაგრამ გადატვირთული არაფერიც არაა.

ამ ადმინისტრაციას კრიტიკოსები მოკავშირეების მიტოვებაში ადანაშაულებენ. რამდენად საფუძვლიანია მათი კრიტიკა?

მიტოვება შეიძლება ხმამაღალი სიტყვაა. მე ვიტყოდი, რომ ისინი საკმარისად არ აფასებენ მოკავშირეებს – თითქოს განაღდებული ჰყავთ, რაც, ვფიქრობ, ცუდი სიგნალია. მგონია, რომ რესპუბლიკურმა კონგრესმა ეს ნაწილობრივ დააბალანსა. ფაქტი ისაა, რომ დღეს ჩვენს მოკავშირეებს არ სჯერათ ჩვენი ძლიერების და იმის, რომ შეუძლიათ დაგვეყრდნონ. ეს რისკის შემცველია.

ობამა ავღანეთში სამხედრო კონტინგენტს ამცირებს და საერთოდ გამოსვლა სურს. როგორ ფიქრობთ, მზადაა ავღანეთი იმ ფუნქციების გადასაბარებლად, რასაც კოალიციის ჯარები ასრულებენ?

ვფიქრობ, თუ შემცირება ეტაპობრივად მოხდება და ობამა იმ ვადებს უგულებელყოფს, რომელიც მანვე დააწესა – მომავალი წლის სექტემბერს ვგულისხმობ – ეს ნორმალურია. მიზანი ხომ სწორედ ეს არის. მე ჯარების გამოყვანის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, იმ პირობით, თუ პროცესი ფრთხილად და გონივრულად წარიმართება. მაგრამ ვშიშობ, ობამას ისე უნდა გამოსვლა, იჩქარებს.

ვფიქრობ, ადმინისტრაცია არასწორად მოიქცა საკუთარი თავი როცა გასცა, რომ ავღანეთიდან გამოსვლა ეჩქარება. მსგავსი დამოკიდებულება არასწორ სიგნალს იძლევა. შენმა მეგობრებმა უნდა იცოდნენ, რომ ბოლომდე დაეხმარები და შენმა მტრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მეგობრებს არ დატოვებ. ეს ობამას პოლიტიკის პრობლემაა ზოგადად. თუმცა უარესი შეიძლება მიგვეღო – მადლობა ღმერთს, იმ უტოპიურ იდეებზე უარი თქვა, როგორიც ახლო აღმოსავლეთის და რუსეთის ახლებური ხედვაა. ადმინისტრაცია რუსეთთან დაკავშირებით ამას არ აღიარებს, მაგრამ ვფიქრობ, კარგად ხვდება. ამავდროულად, ისიც უნდა ითქვას, რომ სულელურ იდეებზე უარის თქმა საკმარისი არ არის – ჩვენ ახლა ისეთ მსოფლიოს ვხედავთ, სადაც მეგობრებს ჩვენი არ სჯერათ, ხოლო მტრები დიდ გულზე არიან.

კომენტარები