ქართული ოცნების პოლიტიკა

ეს იყო სამარცხვინო წელი იმათთვის, ვინც მართავს ქვეყანას - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე, 22 დეკემბერი, 2024
Salome Zourabichvili / Instagram

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2025 წელი იყო სისტემური რეპრესიების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და უსამართლობის წელი.

"59 სინდისის პატიმარი, რომლებსაც დაეკისრათ არა მხოლოდ უსამართლო წინაპატიმრობის ცხრა თვე, არამედ პატიმრობის შემდეგ სასჯელი, რომელიც 2-6 წლამდე ითვლის.

გარდა სინდისის პატიმრებისა, პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი, 80% პროევროპული პარტიების ლიდერები არიან დღეს ციხეში, რასაც დაემატა 4 ოქტომბრის შემდეგ დაპატიმრებული ადამიანები.

1 200 საჯარო მოხელე იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან ძირითადად იმიტომ, რომ ხელი მოაწერეს, ან ფეისბუქ პოსტებით გამოთქვეს პროევროპული ევროინტეგრაციის მხარდაჭერა.

400 ჟურნალისტზე იძალადეს ამ დემონსტაციების დროს, სადაც თვითონ იყვნენ მისული იმიტომ, რომ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობა შეესრულებინათ.

20 რეგიონალური და ონლაინმედია დაიხურა ამ 1 წლის პერიოდში. ჯარიმებით ადამიანები, პრაქტიკულად, იხრჩობიან, ეს ჯარიმები ითვლება ათასობით და ასი ათასობით ლარით და სრულიად შეუძლებელია ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ამ ჯარიმების გადახდა.

ეს წელი იყო სისტემური რეპრესიების, ადამინის უფლებების დარღვევისა და შევიწროვების, ძალადობის, დაჭერების, ადამიანის ღირსების შელახვის, უსამართლობისა და ჯერ კიდევ მოწამვლის შესახებ დადგენილი ფაქტები გვჭირდება, მაგრამ ესეც ასრულებს ამ საშინელი წლის სურათს.

ეს იყო სამარცხვინო წელი იმათთვის, ვინც მართავს ქვეყანას და ცდილობს, რომ ეს ქვეყანა დაამსგავსოს ყველა თავისი მახასიათებლით ტიპიურ რუსულ ტოტალიტარულ რეჟიმს." - თქვა ზურაბიშვილმა. 

კომენტარები