27 ივლისს აშშ-მ და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.
ტრამპის თქმით, შეთანხმება ევროკავშირიდან აშშ-ში შემოტანილი პროდუქტების უმეტესობისთვის, მათ შორის ავტომობილებისთვის 15%-იანი ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა, შეთანხმების გამოცხადების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გარკვეული პროდუქცია - როგორიცაა თვითმფრინავები და მათი კომპონენტები, ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება და ფარმაცევტული საშუალებები - ტარიფებს არ დაექვემდებარება.
მან ასევე განაცხადა, რომ ახალი 15%-იანი ტარიფი უკვე მოქმედ ტარიფებს არ დაემატება.
გამოცემა CNBC აღნიშნავს, რომ 15%-იანი ტარიფი დაბალია იმ 30%-იან მაჩვენებელზე, რითაც ტრამპი აშშ-ს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს ემუქრებოდა, თუმცა მაინც აღემატება იმ 10%-იან საბაზისო ტარიფს, რომელსაც ევროკავშირი მოელოდა.
ტრამპის განცხადებით, 27-წევრიანი ბლოკი აშშ-სგან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსების შეძენასა და აშშ-ში დამატებითი 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას დათანხმდა.
მისივე თქმით, ბლოკი ასევე "ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკის შეძენას გეგმავს", თუმცა კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია.





