"ამ წამს დამირეკეს სუს-იდან, მეც დამიბარეს გამოკითხვაზე. გადავეცი რომ დავიკითხები მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. 3 საათამდე მოვლენ და ჩამაბარებენ უწყებას." - წერს სოციალურ ქსელში პედიატრი დავით ჩახუნაშვილი.
დღეს, მდინარაძის უწყებაში ასევე დაიბარეს მისი ძმა, კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაში ფიგურირებს.
გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
BBC-ს პედიატრმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა, რომელსაც წყლის ჭავლი მოხვდა, განუცხადა, რომ კანის წვა რამდენიმე დღის განმავლობაში იგრძნობოდა, ხოლო ამ გრძნობის მოშორება წყლით შეუძლებელი იყო.
გამოცემის ცნობით, ჩახუნაშვილს სურდა, მოეძებნა სხვა დემონსტრანტები, რომლებიც ანალოგურ სიმპტომებს უჩიოდნენ, რისთვისაც მან სოციალური მედია გამოიყენა და დემონსტრანტებს კითხვარის შევსება სთხოვა. შედეგად, მას 350-მდე ადამიანი დაუკავშირდა და მათგან თითქმის ნახევარი ამბობდა, რომ ერთ ან მეტ გვერდით ეფექტს 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში განიცდიდნენ.
ამის შემდეგ მოხდა მისი კვლევის კოლეგიალური განხილვა და საერთაშორისო ჟურნალმა, Toxicology Reports-მა მიგნებები გამოსაქვეყნებლადაც მიიღო.
ამას გარდა, BBC-ს მიხედვით, პედიატრ ჩახუნაშვილის ანგარიშის მიგნებები თანხვედრაში იყო ადგილობრივი ჟურნალისტების, ექიმებისა და სამოქალაქო უფლებათა ორგანიზაციების დასკვნასთან, რომ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერება იყო გარეული. ხოლო გამოყენებული ნივთიერების იდენტიფიცირების მოთხოვნა ივანიშვილის რეჟიმმა არ დააკმაყოფილა.
გუშინ, სუს-მა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, უწყებამ BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 333-ე და 319-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.





