ივანიშვილის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ოცნების ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციისას მომავალი ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
მიქანაძის ცნობით, რეფორმის ფარგლებში, მე-11 კლასის მოსწავლეები სკოლაში მხოლოდ იმ საგნებს ისწავლიან, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ.
"მნიშვნელოვანია, რომ მე-11 კლასი პროფილური გავხადოთ. ამიტომ, მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს - რითიც, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ მხოლოდ ის საგნები ისწავლონ, რაც ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ. ეს ინტენსიური, 1-წლიანი სასწავლო პროგრამა იქნება, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ". - თქვა მიქანაძემ.
ამასთან ერთად, ოცნების გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლებში სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო გახდება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით.
"ჩვენ შევისწავლეთ სკოლებში არსებული პრაქტიკა და მივიღეთ გადაწყვეტილება ტესტურ რეჟიმში, რომ შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, დაწყებით ეტაპზე, სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები. ამასთანავე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებული არის 60 000 ქულით, ან უფრო ნაკლებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიღებს ფორმებთან დაკავშირებით". - ამბობს მიქანაძე.
ახალი წესის თანახმად, ყოველ მომდევნო წელს, სკოლაში შესვლა შეეძლებათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრამდე შეუსრულდებათ.
ცნობისთვის, აქამდე საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ჰქონდა ყველას, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებოდა.
"გამოვლინდა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც სკოლაში შედიან, უჭირთ სოციალურ-ემოციური ფონიდან და მზაობიდან გამომდინარე სასწავლო პროცესში სრული ინტეგრირება. ამიტომ ჩვენი მიზნებიდან და იქიდან გამომდინარე, რომ 11-წლიან სასწავლო პროცესზე გადავდივართ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი წლიდან, ყოველ მომდევნო წელს, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა შეეძლება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება 6 წელი." - თქვა მიქანაძემ.
ივანიშვილის განათლების მინისტრის ინფორმაციით, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში სკოლებში სახელმძღვანელოები შეიცვლება და ყველა სკოლაში ერთი, განათლების სამინისტროს მიერ დაწერილი სახელმძღვანელოთი ასწავლიან.
"2-3 წლის განმავლობაში, სკოლებში ყველა სახელმძღვანელოს შევცვლით. სრულიად ახალი სახელმძღვანელოები დაიწერება. ამისთვის, გასული 6 თვის განმავლობაში, განათლების სამინისტრომ სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით, ექსპერტთა ჯგუფები შეარჩია და სწორედ სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას, რომ სახელმძღვანელოები დაწეროს და ის შემდეგი სტანდარტით დაინერგოს - ყველა სკოლაში 1 წიგნი ერთი და იგივე დისციპლინაში. სხვადასხვა სახელმძღვანელო აღარ იქნება. ყველა სკოლაში ერთიანი მიდგომა, სტანდარტი და ხარისხი იქნება". - თქვა ივანიშვილის მინისტრმა.
განათლების სამინისტროს მხირდან იგეგმება სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვა.
მიქანაძის ცნობით, დაინერგება შესაბამისი სტანდარტი იმისთვის, რომ არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და ბავშვსაც მშობელთან კომუნიკაციის უფლება არ დაერღვეს.
"მიგვაჩნია, რომ სასწავლო გარემოზე ორიენტაციისთვის და სრული ჩართულობისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ სასკოლო პროცესში ავკრძალოთ მობილური ტელეფონების გამოყენება. შემუშავდება შესაბამისი წესი, რომელიც შესაბამისი სტანდარტით დაინერგება და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად იქნება დაცული ბალანსი იმისთვის, რომ არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და არც ბავშვს მშობელთან, ან მისთვის საინტერესო ადამიანთან კომუნიკაციის არ დაერღვეს". - განაცხადა მიქანაძემ.
ცვლილებების ფარგლებში, სკოლებში მეთორმეტე კლასი ნებაყოფლობითი იქნება და მისი გავლა მოსწავლეებს რეგისტრაციის შემდეგ შეეძლებათ. ივანიშვილის განათლების მინისტრის თქმით, ყოველი წლის მარტში გაიხსნება სარეგისტრაციო ბადე, სადაც მსურველები გაივლიან რეგისტრაციას და გააგრძელებენ მე-12 კლასში სწავლას.
"განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11-წლიანი სწავლება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ სრულფასოვანი ზოგადი განათლება მივცეთ ახალგაზრდებს. ჩვენ ნებაყოფლობით კომპონენტს დავტოვებთ, რომლითაც ყოველი წლის მარტში გავხსნით სარეგისტრაციო ბადეს, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, თუ მას მე-12 კლასში სწავლების სურვილიც ექნება შესაძლებლობა დარეგისტრირდეს და შესაბამისად, შემდეგ სასწავლო წელს მე-12 კლასი სპეციალურად მათთვის გაიხსნება, რომ მათი ინტერესებიც დავაკმაყოფილოთ". - აღნიშნა მიქანაძემ.
ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, 17 ოქტომბერს იმედი LIVE-ის ეთერში, ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი განათლების რეფორმების შესახებ ისაუბრა.
კობახიძის თქმით, ახლანდელი განათლების სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს, შესაბამისად, უნდა ჰქონდეთ "ამბიციური მიზანი", რომ საქართველოშიც იგივენაირი განათლება მიიღონ სტუდენტებმა, როგორც უცხოეთში.





