პირველკლასელები

2024 წლიდან, სკოლაში შესვლას შეძლებენ ბავშვები, რომლებიც 6 წლის 1 დეკემბრამდე გახდებიან

Mshoblebi.ge

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. ამასთან, 2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნება ყველას, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდება. 

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის შეფასებით, ცვლილება დაახლოებით 5 000 ბავშვს შეეხება.

"ეს გადაწყვეტილება არის ნებაყოფლობითი. შესაბამისად, თუ მშობელი ან მეურვე მიიჩნევს, რომ ბავშვი მზად არ არის სკოლაში შესასვლელად, ბაღებში რჩება ვალდებულება, რომ დაიტოვონ ბავშვები კიდევ ერთი წლით. ხოლო ის, ვინც ჩათვლის, რომ მისი ბავშვი ამ ასაკში უკვე მზად არის სკოლისთვის, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩვენ ამის შესაძლებლობას მივცემთ ყველა ბავშვს, ვისაც 6 წელი შეუსრულდება 1-ელ დეკემბრამდე" - თქვა ამილახვარმა.

ზოგადი განათლების შესახებ კანონი წელს უკვე შეიცვალა - 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირება შეძლეს ბავშვებმა, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. სამინისტროს ცნობით, "გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას".

2022 წელს მხოლოდ იმ ბავშვებს შეეძლოთ პირველ კლასში შესვლა, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებოდათ, იქამდე, რამდენიმე წლის განმავლობაში კი, ეს ვადა 15 სექტემბერი იყო.

კომენტარები