კობახიძის განათლების რეფორმა

11-წლიანი სასკოლო პროგრამა, 1 ქალაქში 1 ფაკულტეტი - რას აპირებს ოცნება განათლების სისტემაში

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, იმედი LIVE-ის ეთერში, ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი განათლების რეფორმების შესახებ ისაუბრა.

კობახიძის თქმით, ახლანდელი განათლების სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს, შესაბამისად, უნდა ჰქონდეთ "ამბიციური მიზანი", რომ საქართველოშიც იგივენაირი განათლება მიიღონ სტუდენტებმა, როგორც უცხოეთში.

ივანიშვილის პრემიერმა რამდენიმე ასპექტი გამოყო.

  • გეოგრაფიული დეკონცენტრაცია

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქუთაისი და რუსთავი უნდა დაიტვირთონ როგორც საუნივერსიტეტო ქალაქები. მისი თქმით, ყურადღებას მიაქცევენ რეგიონულ უნივერსიტეტებსაც, რათა გაძლიერდეს მათი რესურსები და შეძლონ მეტი სტუდენტის მიღება.

"დღეს სტუდენტების 85%-ზე მეტი უმაღლეს განათლებას იღებს ქვეყნის დედაქალაქში… ქუთაისი და რუსთავი გვინდა დავტვირთოთ, როგორც საუნივერსიტეტო ქალაქები. და ამასთან ერთად, ლოგიკურად, როდესაც განვითარდება ინფრასტრუქტურა შესაბამის ქალაქებში, გაჩნდება ახალი სტიმული დასაქმებისთვისაც, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები. შესაბამისად, ეს გამოიწვევს კომპლექსურ ცვლილებებს…

ჩვენ გვაქვს ასევე 5 რეგიონული უნივერსიტეტი, სახელმწიფო უნივერსიტეტი. ესენია: ბათუმი, ახალციხე, გორი, თელავი და ზუგდიდი. და ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, რომ ამ უნივერსიტეტებსაც გავუძლიეროთ ინფრასტრუქტურა და გავუძლიეროთ რესურსები, მათ შორის, აქ იგულისხმება ისიც, რომ მეტი სტუდენტის მიღება უნდა შეძლონ ამ უნივერსიტეტებმა. აქცენტი გაკეთდება პედაგოგიურ მიმართულებაზე, აგრარულ მიმართულებაზე და ასევე პროფესიული განათლების მიმართულებითაც უნდა გავაძლიეროთ ამ რეგიონული უნივერსიტეტების რესურსები." - თქვა კობახიძემ.

  • ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი 

კობახიძემ აღნიშნა, რომ დაცული იქნება პრინციპი "ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი", რაც გულისხმობს, რომ კონკრეტულ ქალაქში ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც მისი თქმით, გამოიწვევს რეორგანიზაციას. 

"თბილისი რომ ავიღოთ პირველ რიგში, თბილისში ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, შესაბამისად, ეს გამოიწვევს რეორგანიზაციას და ფაკულტეტების გადანაწილებას უნივერსიტეტებს შორის. ეს გადანაწილება უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტის ტრადიციული ფუნქციებისა და მათი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით" – ამბობს კობახიძე.

ივანიშვილის პრემიერმა ასევე თქვა, რომ ქვეყანაში იქნება ორი ძირითადი კერა, რომელიც დაფარავს აბსოლუტურად ყველა მიმართულებას. ეს იქნება თბილისი პლუს რუსთავი და ქუთაისი. რეგიონებში არსებული უნივერსიტეტები კი პროფილურები იქნება.

"ორ ქალაქში უნდა იყოს უზრუნველყოფილი მრავალფუნქციური განვითარება საუნივერსიტეტო სისტემის, მათ შორის ეს ეხება ქუთაისს. ქუთაისში დღეს არის 2 სახელმწიფო უნივერსიტეტი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი. თვითონ როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ოპტიმიზაციაზე, აქ არ იგულისხმება, გინდა თუ არა, უნივერსიტეტების შერწყმა. შეიძლება ჩვეულებრივად დარჩეს ორივე უნივერსიტეტი ავტონომიურად, დამოუკიდებლად. აქ საუბარია რაზე-ქუთაისში ჩვენ უნდა დავფაროთ აბსოლუტურადყველა მიმართულება: ტექნიკური, ჰუმანიტარული, ეკონომიკა, სამართალი, სოციალურ-პოლიტიკური და ა.შ. იქნება ორი ძირითადი კერა. ეს იქნება ქუთაისი და თბილისი პლუს რუსთავი, რომელიც დაფარავს აბსოლუტურად ყველა სპეციალობას, რასაც მოიაზრებს ზოგადად უმაღლესი განათლების სისტემა. რაც შეეხება სხვა უნივერსიტეტებს რეგიონებში, ისინი იქნება არსებითად პროფილური უნივერსიტეტები, რომლებიც მოიცავს მხოლოდ რამდენიმე ძირითად მიმართულებას." - თქვა კობახიძემ იმედის ეთერში.

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ განათლების ამჟამინდელი ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი. შესაბამისად, საჭიროა სისტემის "არსებითი შეცვლა", რის გზასაც, მისი მტკიცებით, ქართული ოცნება სთავაზობს საზოგადოებას. მისი აზრით, გარკვეული კორექტივების შეტანა შეიძლება, თუმცა არ თვლის, რომ რაიმე არსებითად შეიძლება შეიცვალოს.

  • პროფესორ-მასწავლებლები

ივანიშვილის პრემიერმა ისაუბრა იმაზეც, რომ დღეს პროფესორ-მასწავლებლები იშვიათად უთმობენ მთელ თავიანთ დროს სწავლებას, რადგან არ აქვთ მოტივაცია. სტიმულის მისაცემად, მისი თქმით, უნდა გაზარდონ ხელფასები და გააუმჯობესონ ინფრასტრუქტურა.

"რასაც ჰქვია სრული დატვირთვა, როდესაც შენ მთლიანად შენს თავს უძღვნი სწავლებას, კვლევას, სახელმძღვანელოების მომზადებას, სასწავლო პროგრამების განვითარებას, ასეთი რამე თითქმის არ ხდება ჩვენს უნივერსიტეტებში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, და ეს უნდა ვაქციოთ წესად… უნდა შეიქმნას ისეთი ადამიანების ბირთვი უნივერსიტეტებში, რომლებიც სრულად მიუძღვნიან საკუთარ თავს განათლებას, სწავლებას, მეცნიერებას, კვლევას, სახელმძღვანელოების შემუშავებას, პროგრამების განვითარებას… სტიმული უნდა შეიქმნას, დღეს სტიმული არ არსებობს. დღეს ხელფასი როცა არის 2 000-2 500 ლარი, რა თქმა უნდა, მოტივაციას ვერ შეუქმნი ადამიანს… თუ ხელფასი იქნება მაღალი, თუ ინფრასტრუქტურა იქნება შესატყვისი, პროფესორს უნდა უხაროდეს უნივერსიტეტში მისვლა. დღეს არც ინფრასტრუქტურა ვარგა, კაბინეტები არ აქვთ." - განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე თქვა, რომ იმ მიმართულებებისთვის, სადაც დეფიციტურია ქართველი მაღალკვალიფიციური კადრები, ჩამოიყვანენ ისეთ უცხოელ სპეციალისტებს, რომლებიც პენსიაზე არიან გასულები და სტუდენტების გარდა ,გადაამზადებენ ქართველ პროფესორ-მასწავლებლებსაც.

"მაინც დარჩება დეფიციტური სპეციალობები და მიმართულებები, სადაც შეიძლება ქართველი მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორები ვერ მოვიძიოთ და ასეთ შემთხვევაში ჩვენ უზრუნველვყოფთ უცხოელი პროფესორებით… მაგალითად, გერმანიაში 65 წლის ასაკში გადიან პენსიაზე პროფესორები და მათ აქვთ რესურსი, რომ კიდევ 5-10 წელი ასწავლონ თავისუფლად და ასეთი პროფესორების მოზიდვა შეგვიძლია ჩვენ. გარდა იმისა, რომ ისინი შეავსებენ ამ ვაკუუმს, ისინი უზრუნველყოფენ ქართველი პროფესორ-მასწავლებლების გადამზადებასაც."

  • 3+1 პროგრამა

კიდევ ერთი ცვლილება, რასაც ქართული ოცნება საუნივერსიტეტო სწავლებაში გეგმავს, არის ის, რომ ბაკალავრიატი გახდეს 3 წელი, ხოლო მაგისტრატურა-1 წელი. ეს, სავარაუდოდ, შეეხება ყველა ფაკულტეტს, გარდა სამედიცინოსი.

"ძირითადად არ შეეხება სამედიცინოს, სხვა მიმართულებებით არსებითად შეიძლება დაინერგოს 3+1 სისტემა… რეალურად, სავსებით საკმარისია 3 წელი იმისთვის, რომ ამ საბაკალავრო ცოდნას, საბაზისო ცოდნას დაეუფლოს სტუდენტი. და მაგისტრატურას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, რაც დღეს არ აქვს. მაგისტრატურა დღეს არის რაღაც აბსტრაქტული გაგრძელება ბაკალავრიატის. 3+1-ს აქვს ბევრი პლუსი, მათ შორის ხარჯების ეკონომია, ყველა მიმართულებით ოპტიმიზაცია, ეკონომია იქნება უზრუნველყოფილი." - აღნიშნა ივანიშვილის პრემიერმა.

  • 11-წლიანი სასწავლო პროგრამა სკოლებში

ირაკლი კობახიძის თქმით, სკოლები შესაძლოა 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე გადავიდნენ. TV IMEDI-ს ეთერში კითხვაზე - შეუქმნის თუ არა ეს პრობლემას მოსწავლეებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ, კობახიძე პასუხობს, რომ ხელისუფლებას უნდა, "ქართველი ახალგაზრდები დარჩნენ საქართველოში და აქ მიიღონ მაღალი დონის განათლება".

"ჩვენ გვინდა, რომ ქართველი ახალგაზრდები დარჩნენ საქართველოში და აქ მიიღონ მაღალი დონის განათლება. რატომ უნდა უნდოდეს ადამიანს, ქართველები მრავლად წავიდნენ ქვეყნიდან? ბუნებრივი მოვლენაა, როდესაც ახალგაზრდები მიდიან საზღვარგარეთ სასწავლებლად, მითუმეტეს, პირველი კურსიდან, მათი დიდი ნაწილი რჩება საცხოვრებლად საზღვარგარეთ. რატომ უნდა წავახალისოთ ხელოვნურად მიგრაცია?

თუმცა, ჩვენ არანაირ ბარიერს არ ვქმნით. თუ ვინმეს უნდა მეთორმეტე წლის დახურვა, შეიძლება ქვეყანაშიც კი შევქმნათ ამის შესაძლებლობა და ეს განხილვას ექვემდებარება, თუ არადა ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა, საზღვარგარეთ დახუროს მეთორმეტე კლასი და შემდეგ განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა უმაღლესი განათლების დონეზე." - ამბობს კობახიძე.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ აუცილებელია ყველა ქალაქში იყოს თანაბარი ხარისხის სწავლება, იყვნენ თანაბრად კვალიფიციური მასწავლებლები, რაც ახლა არ არის.

  • საგრანტო დაფინანსება

ივანიშვილის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი შეისწავლიან შრომით ბაზარს და შემდეგ განსაზღვრავენ პრიორიტეტულ მიმართულებებს. აღსანიშნავია, რომ უკვე ჩარიცხულ სტუდენტებს ცვლილებები არ შეეხებათ.

"განისაზღვრება პრიორიტეტები, პირველ რიგში, შრომის ბაზრის საჭიროებების მიხედვით. დღეს საერთოდ არ ვიცით, რამდენი იურისტი გვჭირდება, არავის არ შეუსწავლია. ჩატარდა საინტერესო კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ აცდენა არის ორმაგი და სამმაგი და ხშირად უფრო მეტი გამოშვებულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის… მეორე, შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, ისეთი მიმართულებები, სადაც შრომის ბაზარს არ აქვს ასეთი მოთხოვნა, მაგრამ იქ სახელმწიფომ შეიძლება სტიმულირება მოახდინოს. ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ პოტენციური მოთხოვნები. ამაში ჩართული იქნება ორი სამინისტრო: განათლების და ეკონომიკის. [...]

იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უკვე არიან ჩარიცხული, შენარჩუნდება არსებული საგრანტო სისტემა და ასევე, როდესაც საქმე ეხება უნივერსიტეტებს შორის ფაკულტეტების გადანაწილებას, აქაც სტუდენტებს ექნებათ არჩევანი, თუ ვინმე დღეს სწავლობს კონკრეტულ უნივერსიტეტში, მას ექნება იქ დარჩენის შესაძლებლობა." - თქვა ირაკლი კობახიძემ.

სამთავრობო პროპაგანდისტული იმედის ეთერში აგრეთვე ისაუბრეს ამ რეფორმების გატარების თარიღებსა და მასთან დაკავშირებულ ფინანსებზე. ივანიშვილის პრემიერის ცნობით, დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში ისინი კონცეფციას საჯაროდ განიხილავენ, დამტკიცების შემდეგ კი ნაწილი საკითხები 1 წელიწადში, ნაწილი კი - რამდენიმე წელში უნდა გადაიჭრას.

"დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში, ჩვენ გვექნება საჯარო განხილვები სხვადასხვა წრეებთან და ამის შემდეგ მთავრობა დაამტკიცებს ამ კონცეფციას და შევუდგებით მაშინვე ამ კონცეფციის განხორციელებას. რაც შეეხება პირველ ეტაპს, რაც გულისხმობს სისტემის რეორგანიზაციას, საკადრო სისტემის მოწესრიგებას- ეს ყველაფერი ამოქმედდება უკვე 1 წელიწადში, მომდევნო სასწავლო წლისთვის. არის საკითხები, რასაც ექნება თავისი გარდამავალი ფაზა, მაგალითად დაფინანსების სისტემა. არის საკითხები, რასაც დასჭირდება რამდენიმე წელი, მაგალითად, ინფრასტრუქტურის განვითარება."

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ბევრი მიმართულებით ელოდებიან ეკონომიას, თუმცა არა პროფესორების გაშვების ხარჯზე.

"დანახარჯები, ბუნებრივია, იქნება ძირითადად ინფრასტრუქტურის ნაწილში. ბევრი მიმართულებით ველოდებით ეკონომიას, მათ შორის სწავლების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, საერთო ოპტიმიზაციიდან გამომდინარე. აქაც სპეკულაციები რომ არ მოყვეს, პროფესორებს გაუშვებენ და ა.შ. არათუ გაშვებაზეა საუბარი, არამედ სანთლით იქნება საძებარი." - ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი.

ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი მზად არიან დისკუსიისთვის ნებისმიერ ადამიანთან, "თუ იქნება ჯანსაღი და ობიექტურ სახელმწიფო ინტერესებზე."

კომენტარები