ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი

ნეთანიაჰუმ ისრაელის პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით ოფიციალურად მიმართა

ბენიამინ ნეთანიაჰუ
www.today.com

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 30 ნოემბერს ქვეყნის პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს კორუფციის საქმეზე შეწყალების თხოვნით ფორმალურად მიმართა.

გავრცელებულ ვიდეოში ნეთანიაჰუ არ აღიარებს ბრალს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებსა და ზოგადად ბრალის წაყენების პროცესის ლეგიტიმურობას. 

ნეთანიაჰუს თქმით, შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, იგი უფრო უკეთ შეძლებს ისრაელის ინტერესების წინ წაწევას. მან ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო ისრაელს შუაზე ხლეჩს და რომ მისი დაუყოვნებელი შეწყვეტა "ძლიერ შეუწყობს ხელს ცეცხლის განელებასა და ზოგადად შერიგებას წაახალისებს."

ფორმალური დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ ჰერცოგის ოფისმა გამოაქვეყნა, მოიცავს ნეთანიაჰუს ადვოკატის 111-გვერდიან თხოვნასა და ნეთანიაჰუს მიერ ხელმოწერილ წერილს. 

თავის მხრივ, ჰერცოგმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერის თხოვნას იუსტიციის სამინისტროს ექსპერტთა აზრის საფუძველზე განიხილავს. ამავდროულად, ნეთანიაჰუმ ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, რომ სასამართლოს დასრულება ისრაელის ეროვნულ ინტერესებში შედის. 

ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ამჟამად სამი განსხვავებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და მას ბრალი ქრთამის აღება, თაღლითობა და ნდობის დარღვევა ედება. სასამართლო პროცესი 2020 წელს დაიწყო და ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან. 

აქამდე ისრაელის პრეზიდენტს ნეთანიაჰუს შეწყალების თხოვნით არაფორმალურად აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც მიმართა, რომელმაც ისრაელის პრემიემის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებებს "პოლიტიკური და უსაფუძვლო" უწოდა.

კომენტარები