იერუსალიმის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს მოთხოვნა, მის სისხლის სამართლის სასამართლო პროცესში მისი ჩვენების დაწყების 10 კვირით გადადების თაობაზე. სასამართლოს თქმით, ნეთანიაჰუს მოსამზადებლად ხუთი თვე ჰქონდა.
ნეთანიაჰუს დაცვის მხარემ მანამდე განაცხადა, რომ მრავალფრონტიანი ომის მართვის წნეხის გამო, პრემიერმინისტრი ჩვენების მისაცემად არ იყო მომზადებული.
სასამართლოს თქმით, ივლისში მათ ნეთანიაჰუს გრძელვადიანი პერიოდი მისცეს ჩვენების მოსამზადებლად, როდესაც თარიღი 2 დეკემბერს ჩანიშნეს.
"ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, რომ ვითარების მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, რაც ჩვენი [თავდაპირველი] გადაწყვეტილებით დანიშნული თარიღის შეცვლას გაამართლებდა". - განაცხადა სასამართლომ.
ამ გადაწყვეტილებით, ნეთანიაჰუ სასამართლოს წინაშე რამდენიმე კვირაში წარდგება.
ისრაელის გენერალურმა პროკურორმა 2019 წლის 21 ნოემბერს ნეთანიაჰუს სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საქმეზე ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. საქმეები ქრთამის აღებას, თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხება. ნეთანიაჰუ ბრალდებებს უარყოფს.
ქრთამის ნაწილში ნეთანიაჰუს დახმარების გაწევის სანაცვლოდ ბიზნესმენებისაგან საჩუქრების - ძირითადად სიგარების და შამპანურის მიღებაში ადანაშაულებენ. ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და თაღლითობის ნაწილში ნეთანიაჰუს ბრალი ედება გაზეთ Yediot Ahronot-ისთვის ხელის შეწყობის შეთავაზებაში მათგან პოზიტიურად გაშუქების სანაცვლოდ. ასევე, თაღლითობის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ნაწილში, მას ბრალად ედება პრემიერმინისტრის და კომუნიკაციების მინისტრის პოსტზე ყოფნისას ბიზნესმენ შაულ ელოვიჩის კომპანიების სასარგებლო რეგულაციების მიღებაში, ელოვიჩის ახალი ამბების სააგენტოსაგან პოზიტიურად გაშუქების სანაცვლოდ.
ნეთანიაჰუს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაქსიმუმ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის დამნაშავედ ცნეს, ნეთანიაჰუ ვალდებული არ იქნება, პოსტი დატოვოს, სანამ განაჩენს ყველა ინსტანციაში არ გაასაჩივრებს, რასაც შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს.