აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 25 ივნისს Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში ისრაელს პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეწყალებისკენ ან კორუფციის საქმეზე სასამართლოს გაუქმებისკენ მოუწოდა და დაამატა, რომ აშშ ნეთანიაჰუს ისევე გადაარჩენს, როგორც მან ისრაელი გადაარჩინა.
"მსგავსი ჯადოქრებზე ნადირობა იმ კაცისთვის, რომელმაც ამდენი გაიღო, წარმოუდგენელია ჩემთვის. ის ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებს, ისევე როგორც ისრაელის სახელმწიფო. ბიბი ნეთანიაჰუს სასამართლო უნდა გაუქმდეს, დაუყოვნებლივ, ან უნდა მოხდეს დიდებული გმირის შეწყალება, რომელმაც ამდენი გააკეთა [ისრაელის] სახელმწიფოსთვის," - წერს ტრამპი.
ტრამპის თქმით, იგი განცვიფრებული დარჩა, როცა გაიგო, რომ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მომენტის შემდეგ, ისრაელი მათი "დიდებული ომისდროინდელი პრემიერმინისტრის" წინააღმდეგ "ჯადოქრებზე ნადირობას" განაგრძობს".
"ბიბი ნეთანიაჰუ ისეთი მებრძოლი იყო, როგორიც, ალბათ, ისრაელის ისტორიაში არ ყოფილა, და შედეგად მივიღეთ ის, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა: მსოფლიოში პოტენციურად ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ძლიერი ბირთვული იარაღის სრული განადგურება," დაამატა მან.
"ამერიკის შეერთებული შტატები იყო, რომელმაც ისრაელი გადაარჩინა, და ახლაც აშშ იქნება, რომელიც ბიბი ნეთანიაჰუს გადაარჩენს. "სამართლის" ასეთი ფარსი არ უნდა დავუშვათ." - წერს აშშ-ს პრეზიდენტი.
ისრაელის გენერალურმა პროკურორმა 2019 წლის 21 ნოემბერს ნეთანიაჰუს სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საქმეზე ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. საქმეები ქრთამის აღებას, თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხება. ნეთანიაჰუ ბრალდებებს უარყოფს.
ქრთამის ნაწილში ნეთანიაჰუს დახმარების გაწევის სანაცვლოდ ბიზნესმენებისაგან საჩუქრების - ძირითადად სიგარებისა და შამპანურის მიღებაში ადანაშაულებენ. ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის ნაწილში ნეთანიაჰუს ბრალი ედება გაზეთ Yediot Ahronot-ისთვის ხელის შეწყობის შეთავაზებაში მათგან პოზიტიურად გაშუქების სანაცვლოდ.
ასევე, თაღლითობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ნაწილში, მას ბრალად ედება პრემიერმინისტრისა და კომუნიკაციების მინისტრის პოსტზე ყოფნისას ბიზნესმენ შაულ ელოვიჩის კომპანიების სასარგებლო რეგულაციების მიღებაში, ელოვიჩის ახალი ამბების სააგენტოსაგან პოზიტიურად გაშუქების სანაცვლოდ.
ნეთანიაჰუს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაქსიმუმ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის დამნაშავედ ცნეს, ნეთანიაჰუ ვალდებული არ იქნება, პოსტი დატოვოს, სანამ განაჩენს ყველა ინსტანციაში არ გაასაჩივრებს, რასაც შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს.
ისრაელური მედიის ცნობით, თელ-ავივის სასამართლოში ნეთანიაჰუს ჯვარედინი დაკითხვა 3 ივნისს დაიწყო და მოსალოდნელია, რომ ის ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ცნობისთვის, ისრაელის პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს ნეთანიაჰუს შეწყალება შეუძლია, თუმცა მედიის ინფორმაციით, მას ნათქვამი აქვს, რომ შეწყალება "ამჯერად არ განიხილება." გავრცელებული ცნობებით, ჰერცოგს ასევე ნათქვამი აქვს, "მსგავსი მოთხოვნა არ ყოფილა."





