კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო, წელიწადნახევრიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო.
სასჯელის ვადის ათვლა 20 ივნისიდან დაიწყება. თავად მელია დღევანდელ პროცესს არ დასწრებია. მელია ამჟამად სასჯელს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადაუხდელობისთვის იხდის, მას საპატიმრო დაწესებულება იანვარში უნდა დაეტოვებინა - დღევანდელი განაჩენის შემდეგ კი მას ციხეში ყოფნა 2026 წლის დეკემბრამდე მოუწევს.
ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი 30 მაისს, სასამართლო პროცესზე შეასხა. იმ სხდომაზე ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მსჯელობდნენ.
მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





