კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ კანონი

ორგანიზაციები: კანონპროექტი გამოიწვევს ბავშვთა სტიგმატიზაციას - შეჩერდეს დამტკიცება

საჯარო მოხელეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კოსნტიტუციის 78-ე მუხლი, ფსიქოლოგთა პროფესიული კავშირი, მედიატორთა პროფესიული კავშირი და სოციალურ მუშაკთა გაერთიანება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ კანონოროექტს გამოეხმაურა.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება გულისხმობს არასრულწლოვნების დახურულ დაწესებულებაში გამომწყვდევას.

"აღნიშნული კანონპროექტი გამოიწვევს მავნე შედეგებს, კერძოდ ბავშვთა სტიგმატიზაციას და კანონდამრღვევის იარლიყის განმტკიცებას და მორგებას, სოციალური და ემოციური განვითარების შეფერხებას ბავშვებში, რთული ქცევის მქონე ბავშვების რისკის გაზრდას, დეპრესიის, შფოთვის, თვითდაზიანების და სხვა ფსიქიკური განვითარების პრობლემების ალბათობას, ვინაიდან ბავშვთა პრობლემური ქცევა არის ფუნდამენტური, კომპლექსური პრობლემების სიმპტომი და იგი უნდა დაეხმაროს ბავშვს პასუხისმგებლობის გაცნობიერებასა და ქცევის შეცვლაში და არ გამოიწვიოს სახელმწიფომ ბავშვთა იზოლაცია. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ რომ აუცილებელია შეჩერდეს კანონპროექტის დამტკიცების პროცესი, ამასთან საჭიროდ მიგვაჩნია ახსნა-განმარტება კანონპროექტის ავტორებისგან, მათ შორის, რა სამეცნიერო, საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევას ბავშვთა განვითარების, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის თანამედროვე სტანდარტებს დაეფუძნა აღნიშნული კანონპროექტი და კონკრეტულად 10-14 წლის ბავშვებისთვის კანონთან კონფლიქტში მყოფის სტატუსის მინიჭება და აკეთებს თუ არა სახელმწიფო ყველაფერს მცირეწლოვანი ბავშვების დანაშაულის პრევენციისა და რთული ქცევის კორექციისთვის, მათი მხარდაჭერისთვის, ხელს უწყობს თუ არა აღდგენის პროცესებს, რომელიც საქართველოში 2010 წლიდან დაიწყო, სთავაზობს თუ არა რთული ქცევის ბავშვებს პროგრამებს და მომსახურებებს, ახდენს თუ არა კვალიფიციური რესურსის მქონე სპეციალისტების მობილიზებას და ოჯახების მხარდაჭერას.

როგორც საზოგადოება ვერ განვითარდება პრობლემების დამალვით, ისე ბავშვის ქცევა ვერ შეიცვლება მისი იზოლაციით, რეალური ცვლილებები იწყება პრევენციით, მხარდაჭერით და იმ გარემოს გაჯანსაღებით, რომლის რეალური ანარეკლია ბავშვის ქცევა."

კომენტარები