მიწის ჩამოშლა

პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო – ექიმი გზის მშენებლობისას დაშავებულ პირზე

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს მორიგე ექიმის, ბეჟან ხოზრევანიძის თქმით, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყოლილი პირის მდგომარეობა საყურადღებოა და დაშავებული კვლავ ექიმების ინტენსიური მკურნალობის და მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

"პაციენტი სამშენებლო-საგზაო სამუშაოების დროს ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოჰყვა. ამ ეტაპის მონაცემებით, მას ჩვენს კლინიკაში ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში. ამ ეტაპისთვის თავის, გულ-მკერდის და მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმული დაზიანების ნიშნები არ ვლინდება.

მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო. ჯერჯერობით, ჩვენს კლინიკაში რჩება ინტენსიური მკურნალობის და მეთვალყურეობის ქვეშ". - უთხრა ჟურნალისტებს ხოზრევანიძემ.

23 ნოემბერს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის 4 თანამშრომელი — თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები — ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა და დაიღუპა, ხოლო ერთი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.

კომენტარები