კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ კანონი

14 წლამდე ბავშვების რეაბილიტაციის ცენტრი – რა ითქვა პირველ საკომიტეტო განხილვებზე

ივანიშვილის პარლამენტში განათლებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომებზე ქართული ოცნების ახალი კანონპროექტი განიხილეს, რომელიც გულისხმობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრების შექმნას. 

მომხსენებლის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, "ბავშვი, რომელიც კანონთან კონფლიქტში იმყოფება, სასჯელის ნაცვლად უნდა იღებდეს ზრუნვას". 

"14 წლამდე ბავშვი, რომელიც ჩადის დანაშაულს, არ შეიძლება და ვერ იქნება სახელმწიფოსთვის კრიმინალი, მაგრამ სახელმწიფო ვერ იმოქმედებს ისე, რომ თითქოს არაფერი არ ხდება. ამიტომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, გამოიყენოს მექანიზმი, რომ ბავშვს, რომელსაც შეიძლება მიდრეკილება აქვს კრიმინალისკენ, გარდაქმნას სწორად დაგეგმილი და მიწოდებული სერვისებითა და პროგრამებით გააძლიეროს ინტერესი სრულფასოვანი განათლების და ჯანსაღი ცხოვრების წესში ჩართულობის". - განაცხადა იონათამიშვილმა. 

მისი თქმით, საუბარია 10-დან 14 წლამდე მოზარდებზე, რომელთათვისაც პროგრამები ინდივიდუალურად შემუშავდება და მასჩი ჩართულები იქნებიან ბავშვთა ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები. მისივე თქმით, რეაბილიტაციის სახლები იქნება მცირე ზომის საოჯახო ტიპის დაწესებულებები. 

"იქნება მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის ცენტრი, რომელსაც ექნება ორგვარი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ამ ცენტრში მულტიდისციპლინარული ჯგუფი შეიქმნება, და მულტიდისციპლინურად უნდა მოხდეს ინდივიდუალი საჭიროებებიდან გამომდინარე თითოეუ შემთხვევაზე რეაგირება, შესწავლა და ა.შ.

ორი ტიპის გადწყვეტილების მიღება იქნება შესაძლებელი, ერთი - კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების ჩართვა მოხდეს სპეციალურ პროგრამებში, საუბარია 14 წლამდე ბავშვებზე, და ინდივიდუალური საჭიროებებით მოხდება ამ ყველაფრის განსაზღვრა თითოეულ შემთხვევაზე.

მეორე - როდესაც უკიდურესი და განსაკუთრებული შემთხვევა არის მაშინ შეიძლება უკვე მულტიდისციპლინარულმა ჯგუფმა მიმართოს სასამართლოს იმის თაობაზე, რომ ბავშვი განთავსდეს მხარდაჭერის და რეაბილიტაციის სახლში.

რაც შეეხება მხარდაჭრისა და რეაბილიტაციის სახლს, ჩვენ ეს წარმოგვიდგენია, როგორც მცირე ზომის, საოჯახო ტიპის დაწესებულება, სადაც ზუსტად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა იქნება ეს თუ სხვა პროგრამა, განათლების კომპონენტი, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია უნდა იყოს წარმმართველი და სწორედ ამ პარადიგმაზე დაეფუძნება თითოეული აქტივობა და პროგრამა, მათ შორის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის ჩართულობით". - განაცხადა იონათამიშვილმა. 

კანონპროექტის თანახმად, რეაბილიტაციის სახლები იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნება, თუმცა მასზე კონტროლს აღმასრულებელი და საკნონმდებლო ხელისუფლება განახორციელებს. ფართო ზედამხედველობითი მანდატი ექნება ომბუდსმენსაც. 

"ზედამხევდელი იქნება იუსტიციის სამინისტრო, ვინაიდან ეს ცენტრი შეიქმნება იუსტიციის სამინისტროში, მაგრამ რამდენიმე კომპონენტიანი ზედამხედველობა ექნება ამ ცენტრს სინამდვილეში, იქნება როგორც აღმასრულებელი ხელისუფელბის, ასევე საპარლამენტო და სახალხო დამცველის კონტროლი. სახალხო დამცველსაც ფართო მანდატი ექნება ზედამხედველობის". - თქვა იონათამიშვილმა.

მომხსენებლის განმარტებით, რეაბილიტაციის სახლში მოზარდის გადაყვანის გადაწყვეტილება მხოლოდ საგამონაკლისო, განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოყენებადი ინსტრუმენტი იქნება და გავრცელდება ისეთ დანაშაულებზე, რომლესაც სისხლის სამართლის კოდექსში შეიძლება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე კატეგორია ჰქონდეს. 

რაც შეეცება ცენტრის დატოვებას, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება დასაშვებია 6-თვემდე ვადით, თუმცა ვადების გადასინჯვა შემცირების მიზნით შესაძლებელი იქნება კანონპროექტის დამტკიცებამდე. 

არსებული კანონპროექტის თანახმად, რეაბილიტაციის ცენტრში მოზარდის გადაყვანაზე გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს, სასამართლოს მულტიდისციპლინარული ჯგუფი მიმართავს მათთვის პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება მოზარდის მიერ კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა. 

იონათამიშვილის თქმით, მულტიდისციპლინარულმა ჯგუფმა ნებისმიერ დროს შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ბავშვმა სახლი ვადაზე ადრე დატოვოს. გარდა ამისა, ადმინისტაციასთან მიმართვის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ცენტის ხანმოკლე ვადითაც დატოვება. 

"ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, შესაძლებელია ბავშვმა რეაბილიტაციის სახლი ხანმკლე პერიოდითაც დატოვოს. ვერავინ ვერავის ვერსად ვერ გამომაწყვდევს. ყველაფერი უნდა დაექვემდებაროს მკაცრ ზომებს. რაც შეეხება სახლში განთავსება ბავშვებს, ეს უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევები, მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოყენებადი ინსტრუმენტი და როგორც კანონში წერია, დაახლოებით, ისეთი სისხლის სამართლის კოდექსში მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებად არის მიჩნეული". - თქვა იონათამიშვილმა.

რაც შეეხება საბოლოოდ დატოვებას, როდესაც მოზარდი ცენტრს დატოვებს, არსებობს 1-წლიანი მონიტორინგის ვალდებულება, "პერსონალური მონაცემების მკაცრად დაცვით". მონიტორინგს ცენტრის მულტიდისციპლინარული ჯგუფი განახორციელებს.

იონათამიშვილის თქმით, ასევე მუშაობენ სხვადასხვა ქვეყნის მოდელებზე, "სახელმწიფო სამსახურები ბავშვის პარალელურად, მუშაობენ ოჯახთანაც, რომ მისი მომზადება და გაძლიერება მოხდეს, რადგან მშობლის როლი საბოლოო ჯამში ერთ-ერთი გადამწყვეტია და ამას სახელმწიფომაც, რომ შეუწყოს ხელი".

რას ამბობს სახალხო დამცველი:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროექტის წარდგენინსას სახალხი დამცველის წარმომადგენელმა თათული თოდუამ განაცხადა, რომ წამყავნი კომიტეტის სხდომაზე დეტალური ინიციატივებს წარმოადგენენ. მისი თქმით, მთავარია რომ რეაბილიტაციის ცენტრი ირიბად მაინც არ დაემსგავსოს სასჯელაღსრულების დაწესებულებას და არ შეზღუდოს ბავშვების თავისუფლება.

"მთავარი წუხილი რაც ჩვენ გვაქვს არის, რომ კი გვესმის, რომ პირდაპირი მიმართება სისხლის სამართლის სისტემასთან არ არის ამ კანონპროექტით გათვალისწინებული და აქ სიტყვა დასჯა ან სხვ. მითითებული არ არის, თუმცა, ჩვენი მთავარი წუხილია, რომ ირიბი გზებით ხომ არ შეიძლება მივიდეთ იმ სიტუაციამდე, როცა ძალიან მიახლოებული სიტუაცია შეიქმნება არასრულწლოვნებთან მიმართებაში, რომელთაც არ მიუღწევიათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკისთვის და რეალურად ისინი აღმოჩნდებიან თავისუფლების შეზღუდვის ასაკისთვის და რეალურად ისინი აღმოჩნდებიან თავისუფლების შეზღუდვის მდგომარეობაში, რომელიც რეალურად შეიძლება გაუტოლდეს თავისუფლების აღკვეთას". - განაცხადა თოდუამ. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ცენტრი დაექვემდებარება არა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელსაც ექვემდებარებიან ზრუნვის ცენტრები, არამედ იუსტიციის სამინისტროს, რომლის დაქვემდებარებაშია სასჯელაღსრულების დაწესებულებები.

თათული თოდუა აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზეპირი მოსმენისას გაჟღერდა, რომ რეაბილიტაციის სახლებში გადამისამართება მოხლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოხდება, კანონპროექტში ეს ჩაწერილი და განსაზღვრული არაა, რაც საყურადღებო დეტალია.

"კანონპროექტში მითითებულია, რომ უნდა მოხდეს არასრულწლოვნის კრიმინალური ისტორიის მოკვლევა, ამანაც მიიქცია ჩვენი ყურადღება, ზუსტად იმ კონტექსტში, რომ რამდენად გვაქვს რაიმე პარალელური პროცესი სისხლის სამართლის პროცესის მსგავსი". - თქვა თოდუამ.

მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროეტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის ძირითადი ფოკუსის ქვეშ ზემოთხსენებული საკითხებია.

კანონპროექტს დეტალურად წამყვან კომიტეტზე განიხილავენ, საიდანაც საზოგადოებისთვის უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი. 

კომენტარები