კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ კანონი

კანონთან კონფლიქტში მყოფი 14 წლამდე პირებისთვის რეაბილიტაციის ცენტრი შეიქმნება – პროექტი

ივანიშვილის პარლამენტში ოცნებამ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა, რომელთა თანახმადაც, "არასრულწლოვან პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართებითაც დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს და ამ ქმედების ჩადენამდე 14 წელი არ შესრულებიათ", სპეციალურ - კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ - კანონს მიიღებენ.

ცვლილებები გულისხმობს არასრულწლოვანის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით საჭირო სერვისში ან პროგრამაში ჩართვას. ამასთან, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ გადამისამართებას არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში.

არსებული კანონით გათვალისწინებულია, რომ 14 წელს მიუღწეველი პირის მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ამასთან ერთად, არ არსებობს ჩადენილ ქმედებაზე რეაგირების, აგრეთვე, ამგვარი ქმედების პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი და ახალი კანონის ინიციატორების თანახმად, პროექტის მიზანია "სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების დადგენის გზით მათი რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა. აგრეთვე, არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესისა და პროცესში ჩართული უწყებების/დაწესებულებების უფლება-მოვალეობების განსაზღვრა".

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი შეიქმნება, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის წარმმართავი და მაკოორდინირებელი ორგანო იქნება.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემაში გაერთიანდება: ცენტრი, პროკურატურა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გამოძიების ორგანოები, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები/სკოლები.

"კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის პირველ ეტაპს წარმოადგენს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართება.

არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართებას განახორციელებს პროკურორი. კერძოდ, პროკურორი არასრულწლოვანს, რომელთან მიმართებაშიც მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დადასტურდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა და ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თოთხმეტი წელი, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გადაამისამართებს ცენტრში.

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართების შემდეგ ცენტრი იწყებს არასრულწლოვნის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებას. აღიშნული მიზნით ცენტრი უფლებამოსილი იქნება ინფორმაცია მიიღოს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლისგან, აგრეთვე, ინფორმაცია გამოითხოვოს სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოდან ან/და სხვა ისეთი პირიდან ან დაწესებულებიდან, რომელსაც შეიძლება ინფორმაცია გააჩნდეს მასზე.

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის ან/და მისი საკონტაქტო ინფორმაციის დაუდგენლობის შემთხვევაში, აგრეთვე, თუ კანონიერი წარმომადგენელი უარს ამბობს ცენტრთან კომუნიკაციაზე/თანამშრომლობაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს ცენტრს, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში, ცენტრის მიმართვის საფუძველზე, არასრულწლოვანს დაენიშნება წარმომადგენელი, რომელიც განახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას არასრულწლოვნის სახელით და მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად.

აგრეთვე, ცენტრი მოამზადებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომელიც განსაზღვრავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალურ მახასიათებლებსა და საჭიროებებს.

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში წარედგინება ცენტრის მულტიდისციპლინურ ჯგუფს, რომელიც დასახელებული ანგარიშის საფუძველზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვრავს არასრულწლოვნის საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს/პროგრამებს, მისი შესრულების დროში გაწერილ ინდივიდუალურ გეგმას და იღებს გადაწყვეტილებას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე. მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე სავალდებულოა შესასრულებლად.

აღსანიშნავია, რომ მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ ცენტრთან თანამშრომლობაზე უარი, ცენტრისთვის კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში სხვაგვარად ხელის შეშლა ან კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით განსაზღვრულსერვისებში/პროგრამებში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მონაწილეობის საერთო ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და 12 თვეზე მეტი. აღნიშნული ვადა, საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით, ყოველ ჯერზე, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 თვის ვადით". - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება მოხდება შემდეგი საფუძვლების არსებობისას:

  • კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსებულია სახელმწიფო ზრუნვაში და ვერ ხორციელდება სერვისის/პროგრამის შესრულება;
  • კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომართვის არსებობის შემთხვევაში;
  • პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შემდეგ მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას;
  • პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება არასრულწლოვნის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას (მიუხედავად იმისა, არასრულწლოვანი ჩართულია თუ არა სერვისში/პროგრამაში).

არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის გადამისამართება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება.

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება დასაშვებია 6-თვემდე ვადით. აღნიშნული ვადა მულტიდისციპლინური ჯგუფის მიმართვის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს საჭიროებისამებრ - ყოველ ჯერზე 6 თვემდე ვადით.

კომენტარები