სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თევზის საწარმოებს ამოწმებენ - კონტროლი 200-მდე ობიექტში განხორციელდა.
უწყების ცნობით, საკვები საღებავის გამოყენება კანონმდებლობით ნებადართულია და რეგულირდება საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით, თუმცა, აუცილებელია, სურსათის ეტიკეტზე მითითებული იყოს მისი სრული დასახელება და წარმომავლობა.
თევზის შესაბოლ საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა, არასწორი ეტიკეტირება 9 ბიზნესოპერატორთან გამოვლინდა.
"თბილისში, თევზის შესაბოლ ორ საწარმოში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია; თევზის შესაბოლი კამერის დაზიანებული ჭერი, ასევე, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, სხვა ჩამონათვალთან ერთად, ითვალისწინებს სურსათის ეტიკეტზე საკვები საღებავისა და სხვა დანამატების დასახელების დატანას. ბიზნესოპერატორი ასევე ვალდებულია, წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი. იმ შემთხვევაში, თუ ეტიკეტზე არ არის დატანილი ყველა ზემოაღნიშნული ინფორმაცია, ბიზნესოპერატორს ეკრძალება ასეთი სურსათის რეალიზება და ევალება სურსათის ბაზრიდან ამოღება-გამოთხოვა.
საკვები საღებავის გამოყენება კანონმდებლობით ნებადართულია და რეგულირდება საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით, თუმცა, აუცილებელია, სურსათის ეტიკეტზე მითითებული იყოს მისი სრული დასახელება და წარმომავლობა.
ქვეყნის მასშტაბით 200-მდე ობიექტში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა გამოვლინდა 9 ბიზნესოპერატორთან. სხვა შემთხვევებში ხიზილალისა და თევზის საწარმოებში იყენებენ მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას გამოყენებული საკვებდანამატების შესახებ". - ნათქვამია განცხადებაში.
18 ნოემბერს რადიო თავისუფლებამ ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველში კალმახსა და ხიზილალას საკვები საღებავით ღებავენ და ორაგულად ასაღებენ.





