უკრაინის უმაღლეს რადაში დეპუტატებმა იუსტიციის მინისტრის, ჰერმან ჰალუშჩენკოსა და ენერგეტიკის მინისტრის, სვეტლანა ჰრინჩუკის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირეს. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტიის წარმომადგენლებმაც, რომლებიც გასულ დღეს ბოიკოტს აცხადებდნენ და რეალურ ცვლილებებს ითხოვდნენ.
სვეტლანა ჰრინჩუკის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა 315-მა დეპუტატმა. ჰალუშჩენკოს გადაყენებას კი ხმა 323-მა დეპუტატმა მისცა.
ჯერ კიდევ 12 ნოემბერს, სვეტლანა ჰრინჩუკმა მინისტრის პოსტის დატოვების განცხადება დაწერა. ამავე დღეს, როგორც ის, ისე ჰალუშჩენკო, მოვალეობიდან გაათავისუფლეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მინისტრების გათავისუფლების წინადადება რადას სკანდალური ანტიკორუფციული გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გადასცა.
11 ნოემბერს, უკრაინის უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) და სპეციალიზირებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ გამოაქვეყნეს გამოძიება კორუფციის მასშტაბურ სქემაზე, რომელშიც, სავარაუდოდ, მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული. НАБУ-ს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ფიგურირებდა იუსტიციის მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო, რომელიც წარსულში ენერგეტიკის მინისტრის პოზიციას იკავებდა. კორუფციული სქემა სწორედ ენერგეტიკის სფეროში მოქმედებდა. НАБУ-ს გამოძიების ფიგურანტები თანამდებობაზე მყოფი პირების მფარველობის ქვეშ მილიონობით დოლარს ათეთრებდნენ.
НАБУ-ს მონაცემებით, ფულის გათეთრების სქემა საკმაოდ პრიმიტიული იყო: თუ კერძო ბიზნესს, საქონლის გაყიდვის ან მომსახურების გაწევის სახით, ენერგოატომთან თანამშრომლობა სურდა, თანხების განკარგვის გადაწყვეტილების მიმღებისთვის უნდა გადაეხადა საფასურის 10-დან 15%-მდე ნაწილი. უარის შემთხვევაში, კომპანიები ფინანსებს ვერ იღებდნენ და მომწოდებელთა სიიდან ამოვარდებოდნენ. გამოძიების მიხედვით, სქემის მონაწილეები ამ მექანიზმს "შლაგბაუმს" უწოდებდნენ - ან სარგებლის ნაწილს გააზიარებდი, ან დახურულ კართან იდგებოდი.
კორუფციის გამოძიების ფონზე, უკრაინაში იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრებს ათავისუფლებენ
სქემის ორგანიზატორი იყო ბიზნესმენი და ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი ბიზნესპარტნიორი და, მედიების ცნობით, მეგობარი, ტიმურ მინდიჩი, რომელმაც НАБУ-ს მიერ ჩატარებული ჩხრეკებიდან მცირე ხნით ადრე ქვეყანა დატოვა. ცნობების მიხედვით, ზელენსკისთან დაახლოებულ მინდიჩს გავლენა ჰქონდა როგორც ჰერმან ჰალუშჩენკოზე, ისე თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, რუსტემ უმეროვზე.
ზელენსკიმ კორუფციაში გახვეული ყოფილი ბიზნესპარტნიორი და კიდევ ერთი ბიზნესმენი დაასანქცირა
10 ნოემბერს ჩხრეკა ჩატარდა ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, ჰერმან ჰალუშჩენკოს სახლში. უკრაინული მედიის ცნობით, ჰალუშჩენკო ქვეყნის ენერგოსფეროზე გავლენას ენერგეტიკის მოქმედი მინისტრის, სვეტლანა ჰრინჩუკისა და ამ უწყების ზოგიერთი მაღალჩინოსნის დახმარებით ინარჩუნებდა.
12 ნოემბრის დილას უკრაინის პრემიერმინისტრმა, იულია სვირიდენკომ გაავრცელა ცნობა, რომ, НАБУ-ს გამოძიების შემდეგ, იუსტიციის მინისტრი, ჰერმან ჰალუშჩენკო თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამავე დღეს დააკავეს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველი, იჰორ მირონიუკი.





