ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის, ჯონათან ასკონასის ხელმძღვანელობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა.
ადმინისტრაციის ცნობით, ჟორჟოლიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ "საქართველოს მთავრობა აშშ-თან ურთიერთობების დღეს არსებული დონით კმაყოფილი არ არის".
"შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის სატრანზიტო და ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. ლევან ჟორჟოლიანმა აშშ-ის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა იმ მნიშვნელოვანი ინვესტიციების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა, აღნიშნული ფუნქციის განვითარების მიზნით, სარკინიგზო, საგზაო და საპორტო ინფრასტრუქტურაში ახორციელებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-თან ურთიერთობების დღეს არსებული დონით კმაყოფილი არ არის და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პოზიცია ე.წ. "ტრამპის მარშრუტთან" დაკავშირებით. აღინიშნა „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) შესაძლო პოზიტიური ეფექტი რეგიონზე აშშ-ის მხარის მიერ ტვირთების მოძრაობის უსაფრთხოების გარანტიების შექმნის თვალსაზრისით.
შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში მშვიდობის დამყარების კუთხით. აგრეთვე, დადებითად შეფასდა საქართველოს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით" - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯონათან ასკონასის ვიზიტის შესახებ ინფრომაცია აშშ-ს საელჩომ 18 ნოემბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს (უფროს მრჩეველს) ჯონათან ასკონასს საქართველოში!
მისი ვიზიტის მიზანია განიხილოს, როგორ შეძლებს საქართველო მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP). ეს სატრანსპორტო მარშრუტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით 8 აგვისტოს გამართული სამშვიდობო სამიტის შედეგია.
დღეს დილით დოქტორი ასკონასი ესტუმრა საბაჟო გამშვებ პუნქტს - "სადახლო საავტომობილო", რომლის მშენებლობა და აღჭურვა დიდწილად აშშ-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს”. - დაწერა საელჩომ.





