პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები

დააკავეს კაცი, რომელმაც 12 წლის გერის ოთახში კამერა დაამონტაჟა და კადრები გაავრცელა – POG

პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყება ბრალდებულისთვის აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, მასთან ერთად მცხოვრები 12 წლის არასრულწლოვანი გერის საძინებელ ოთახში ფარული ვიდეო ჩამწერი მოწყობილობის დამონტაჟების გზით, უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი მასალა.

პროკურატურამ მომართვისთანავე დაიწყო გამოძიება, მყისიერად ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოიკითხნენ დაზარალებული და სხვა მოწმეები. პროკურატურის თანამშრომლებმა ამოიღეს ელექტრონული მოწყობილობები, სადაც აღმოჩნდა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებული დააკავეს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინება, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები