პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები

ფრაქცია ქართული ოცნება ეკა ბესელიას სოლიდარობას უცხადებს

ტაბულა

ფრაქცია ქართული ოცნება ეკა ბესელიას სოლიდარობას უცხადებს. 

ამის შესახებ მათ მიერ ფეისბუქით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ქართული ოცნება წერს, რომ "ადამიანის პირად სივრცეში შეჭრა და შესაბამისი კადრების გავრცელება არის ერთ-ერთი ყველაზე უზნეო, ამორალური ქმედება და უმძიმესი დანაშაული, რასაც მყისიერი რეაგირება სჭირდება". 

"რამდენიმე დღეა არ წყდება ინფორმაციის გაშუქება იმის შესახებ, რომ ხდება ჩვენი ფრაქციის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება.

დღემდე ის საკითხიც კი, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი, ეჭვქვეშ იდგა. თუმცა, დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასეთი კადრები გამოჩნდა სოციალურ ქსელებშიც.

მიგვაჩნია, რომ ადამიანის პირად სივრცეში შეჭრა და შესაბამისი კადრების გავრცელება არის ერთ-ერთი ყველაზე უზნეო, ამორალური ქმედება და უმძიმესი დანაშაული, რასაც მყისიერი რეაგირება სჭირდება. 
შესაბამისად, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, ყველა ღონე იხმარონ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადაში დადგინდეს, ვინ დგას ამ ფაქტის უკან. დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ უმკაცრესად, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს მსგავსი ამორალური დანაშაულის ჩადენა და გაფიქრებაც კი.
ჩვენ ბოლომდე სოლიდარულები ვართ, როგორც ჩვენი ფრაქციის წევრის, ეკა ბესელიას, ასევე ნებისმიერი პირის მიმართ, ვინც შეიძლება ასეთი უზნეობის მსხვერპლი გახდეს და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ განსხვავებულ აზრს ან პოზიციას აფიქსირებს რომელიმე თემაზე - არსებობს საკითხები, სადაც ყველანი უნდა დავდგეთ ერთად და საბოლოოდ დავამარცხოთ ასეთი უღირსი მოქმედებები. პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და მის უზრუნველსაყოფად როგორც პოლიტიკოსები, ასევე მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს", - წერს ქართული ოცნება. 

ინფორმაცია, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ რამდენიმე დღის წინ თქვა. მან ეს უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს დაუკავშირა. კადრების შესაძლო გავრცელებას გამოეხმაურა თავად დეპუტატი ეკა ბესელიაც, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ქართულ ოცნებას მიმართავს წერია: "კოლექტიური მოძალადე ფრაგმენტულად, მაგრამ დიდი დოზით შემოვიდა ჩვენს "გუნდში"... შიგნიდან დაგვიწყო რყევა და ჯაყჯაყი..."

კომენტარები