ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ საკუთარ ციტატას, რომელშიც ამბობდა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.
კადიროვის თქმით, მას შეუძლია ვლადიმირ პუტინს გათავისუფლება სთხოვოს, თუმცა ეს მხოლოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტი იქნება.
"ბევრმა ვერ გაიგო ჩემი სიტყვების აზრი თანამდებობის დატოვების შესახებ. მე არ ვწყვეტ, დავრჩები თუ არა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის პოსტზე. დიახ, მე შემიძლია ვითხოვო ან შეთავაზება გავაკეთო. მაგრამ რაც არ უნდა ვთქვა, როგორც არ უნდა ვითხოვო, ასეთ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს - ჩვენი უმაღლესი მთავარსარდალი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინი." - დაწერა კადიროვმა საკუთარ ტელეგრამ არხზე.
მან ასევე დაწერა, რომ ის პუტინის "ქვეითია" და როდესაც ბრძანება გაიცემა, ის მას ასრულებს.
აქამდე ჩეჩნურ მედიასთან საუბარში კადიროვი თანამდებობის დატოვებაზე გავრცელებულ ხმებს გამოეხმაურა.
"მეც გავიგე ეს ჭორები. სხვადასხვა რაღაცებს წერენ. მე, პირიქით, თავად ვითხოვ, რომ მოვალეობიდან გამათავისუფლონ. სხვას ექნება საკუთარი ინიციატივები, საკუთარი ხედვები. ვიმედოვნებ, რომ ჩემს თხოვნას მხარს დაუჭერენ." – თქვა კადიროვმა, თუმცა მისი სიტყვები სრულად ცხადი არ იყო. არ ჩანდა ისიც, თუ რა ტონითა და რა კონტექსტში თქვა ჩეჩნეთის მეთაურმა ეს ციტატა.
მიუხედავად იმისა, რომ კადიროვი ამ სიტყვებს გამოეხმაურა, მისმა განმარტებამ გაურკვევლობას ბოლომდე ვერ უპასუხა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანებში რუსულ ოპოზიციურ მედიასაშუალებებში აქტიურად წერენ და საუბრობენ, რომ რამზან კადიროვის ჯანმრთელობა 2025 წლის თებერვლიდან განსაკუთრებით დამძიმდა. ის რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებაზეც კი არ გამოჩნდა და მის ნაცვლად ცერემონიებს ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარე, მაგომედ დაუდოვი უძღვებოდა. დამოუკიდებელი რუსული მედიები ასევე წერენ და აჟღერებენ თეორიებს, რომ ბოლო პერიოდში კრემლსა და კადიროვს შორის ურთიერთობა გაუარესდა.
2025 წლის თებერვალში ჩეჩნეთის ვიცეპრემიერის პოსტი დატოვა რამზან კადიროვის ქალიშვილმა, აიშატმა. გავრცელებული ცნობების მიხედვით, სამთავრობო თანამდებობები კადიროვის კიდევ ორმა ქალიშვილმა, ხუტმატმა და ხადიჟატმაც დატოვეს. გავრცელდა ცნობები, რომ კადიროვი, კრემლისგან ფარულად, ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს მართავდა საკუთარი აქტივების მომავლისა და ოჯახის წევრების უსაფრთხოების შესახებ, რაც, ამავე მტკიცებით, პრეზიდენტ პუტინთან ურთიერთობის გაუარესების მიზეზი გახდა.





