ბრიტანეთის ელჩმა ეუთო-ში სიტყვით გამოსვლისას სხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ისაუბრა. დიპლომატმა ამ კონტექსტში მხოლოდ სამი ქვეყანა, რუსეთი, ბელარუსი და საქართველო ახსენა.
გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი ნილ ჰოლანდი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინელი ბავშვების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების უფლებებს სისტემატიურად არღვევს. მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა დამანგრეველ შედეგებს კვლავაც იწვევს.
გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს რუსეთს, დაასრულოს უკანონო ომი, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და დაიცვას ეუთოს პრინციპები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო დონეზე.
"რეგიონში არსებული სხვა გამოწვევები ჩვენ კვლავ გვაშფოთებს. მოვუწოდებთ საქართველოს, აღადგინოს სასამართლო დამოუკიდებლობა, გააუქმოს კანონები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას ზღუდავს და გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული ოპოზიციის წარმომადგენლები.
"ბატონო დირექტორო, გაერთიანებული სამეფო ODIHR-თან თანამშრომლობის გაგრძელებას ელოდება, რათა რეგიონში სტაბილური, მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებების, მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას ერთად შევუწყოთ ხელი". - აღნიშნა ჰოლანდმა.





