სოფლის განვითარების სააგენტო

დაეუფლნენ თითქმის ₾500 000-ს – სოფლის განვითარების სააგენტოს საქმეზე კიდევ 4 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ-სოფლის განვითარების სააგენტოს საქმეზე კიდევ 4 პირი დააკავეს. უწყება მათ გრანტის სახით გამოყოფილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად თაღლითურად დაუფლებას ედავება.

"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის სახით გამოყოფილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს ელიტმშენის და კოოპერატივი რკ ქართული ბოსტნეულის ხელმძღვანელი პირები დააკავეს. დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ წევრს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ასევე ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

დადასტურებულია ბრლადებულების მხრიდან ბიუჯეტის კუთვნილი 430 200 ლარის თაღლითურად დაუფლების, 167 918 ლარის ფიქტიური დღგ-ს აქტივის შექმნისა და 2 000 ლარის ბიუჯეტიდან მოტყუებით დაუფლების ფაქტები.

გამოძიებით დგინდება, რომ კოოპერატივი და დაქირავებული კომპანია ერთმანეთთან შევიდნენ გარიგებაში, კერძოდ: (ა)იპ ,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოდან თანადაფინანსებისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხის 430 200 ლარის თაღლითურად დაუფლების მიზნით შპს ელიტმშენმა, კოოპერატივ რკ ქართული ბოსტნეულს გამოუწერა ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 1 100 800 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე და შესაბამისი ყალბი სასაქონლო ზედნადები სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად საჭირო სხვადასხვა დასახელების საქონელის მიწოდების შესახებ, თუმცა არანაირი სამუშაო არ შესრულებულა.

თავის მხრივ ყალბი საგადასახადო ანგარიშ ფაქტურის გამოწერის გზით, კოოპერატივმა მიიღო დღგ-ს ფიქტიური ჩათვლა 167 918 ლარის ოდენობით, საიდანაც დირექტორმა და გამგეობის თავმჯდომარემ მოტყუებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიბრუნეს დღგ-ს თანხა 2000 ლარი და დამატებით ცდილობდნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დღგ-ის ზედმეტობის თანხის ფიქტიური აქტივის 100 000 ლარის დაბრუნებას, რაც საგამოძიებო სამსახურის დროული ჩართულობით ვერ განახორციელეს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 19-180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


შეგახსენებთ ააიპ სოფლის განვითარების სააგენტოს საქმეზე, აქამდე პასუხისგებაში მიცემული იყო 21 პირი, ახლა მათი რაოდენობა 25-მდე გაიზარდა.

საგამოძიებო სამსახურის 27 ოქტომბრის განცხადების თანახმად, გამოძიების ამ ეტაპზე უკვე დადასტურებულია ბრალდებულების მხრიდან ბიუჯეტის კუთვნილი 5 670 793.2 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 3 008 906.67 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი

 

ცნობისთვის, ივლისაა და აგვისტოში იმავე გამოძიების ფარგლებში 13 პირი დააკავეს, მათ შორის იყო სოფლის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი დეპარტამენტის მოქმედი უფროსი.

კომენტარები