კრისტალ ჯგუფი

POG: შევისწავლით მათ გადაცდომებს, ვინც დაინტერესებული იყო სტეფანიანის უკანონო მშენებლობებით

ვლადიმერ სტეფანიანი, ირაკლი ღარიბაშვილი, ლევან დავითაშვილი
საქართველოს მთავრობა

კრისტალ ჯგუფის ხელმძღვანელის და ქართული ოცნების შემომწირველის, ვლადიმერ სტეფანიანს საქმის პროკურორის, დავით კაპანაძის განცხადებით, ბრალდებული ადასკტურებს, რომ ბაკურიანში კორპუსებს კანონდარღვევით აშენებდა. ამის შესახებ კაპანაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სტეფანიანის პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ბატონი ვლადიმერ სტეფანიანი ადასტურებს, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული სანებართვო პირობების უხეში დარღვევით ხორციელდებოდა სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და მის მიზანი იყო, რომ მიეღო მეტი შემოსავალი. დღეის მდგომარეობით, მხოლოდ ერთი კორპუსიდან მიღებული შემოსავალი - ლეგალიზებული თანხების ოდენობა აღემატება 1 890 000 ლარს. 

უკანონო შემოსავლის მიღება ხორციელდებოდა სისტემატურად და ჯამში შესაბამისი სანებართვო პირობების დარღვევით აშენებულია 5 კორპუსი" . - განაცხადა დავით კაპანაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ იყო ყოფილი მაღალჩინოსნების ან მთავრობის წევრების ინტერესში კანონდარღვევით აშენებულიყო აღნიშნული კორპუსები, "მათ შორის იმ პირების, ვინც ჩადიოდნენ, ფოტოებს იღებდნენ და მადლობას უხდიდნენ სტეფანიანს". პროკურორმა უპასუხა, რომ კონკრეტულ სახელსა და გვარებს ვერ დაასახელებს, მაგრამ გამოძიების ინტერესშია იმ პირების სამართლებრივი გადაცდომების შესწავლა, რომლებიც აღნიშნულით წარსულში შეიძლება დაინტერესებული ყოფილიყვნენ.

"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულ სახელ-გვარებს, რა თქმა უნდა, ვერ დავასახელებ, მაგრამ დაგიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ გამოძიების პროცესი მოიცავს სწორედ ამას, რომ არ დარჩეს კონკრეტული კითხვა, რომელსაც არ გაეცემა გამოძიების მხრიდან პასუხი. 

ამ ფაქტების რევიზირება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი პირი, ვინც წარსულში დაინტერესებული იყო, რომ ვლადიმერ სტეფანიანს შესაბამისი სანებართვო პირობების დარღვევით აეშენებინა სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კორპუსები, მათი მხრიდან სამართლებრივი გადაცდომების საკითხები იქნას შესწავლილი". - თქვა პროკურორმა.

ვლადიმერ სტეფიანანს 10 ნოემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

ცნობისთვის, გუშინ კრისტალ ჯგუფის ხელმძღვანელი, ქართული ოცნების შემომწირველი ვლადიმერ სტეფანიანი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 8 ნოემბერს დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბიზნესმენმა შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი. უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა კი რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა.

უწყების განცხადებით, ამ ეტაპისთვის გამოძიებით დადგენილია, 1 894 925 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი.

 

კომენტარები