გაერთიანებულ სამეფოში დონკასტერიდან ლონდონისკენ მიმავალ მატარებელში დანით თავდასხმის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ცხრამ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი დაზიანებები მიიღო.
დაშავებულებს ქალაქ კემბრიჯში, ადენბრუკის საავადმყოფოში მკურნალობენ.
რიგი მგზავრების თანახმად, თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მატარებელმა კემბრიჯშირის საგრაფოში ქალაქ პიტერბოროს გაჩერება დატოვა. პოლიციაში თავდასხმის შესახებ ცნობების შესვლის შემდეგ მატარებელი დროებით ქალაქ ჰანტინგდონის სადგურზე გაჩერდა.
შემთხვევასთან დაკავშირებით ადგილობრივმა პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომელთა ვინაობა არ გასაჯაროებულა.
ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს და თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიებაში ანტიტერორისტული პოლიცია არის ჩართული.





