31 ოქტომბერს აშშ-ს თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) თავდაცვის სამიტზე ჩინეთისა და ინდოეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა.
სამიტზე ჰეგსეთმა და ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა რაიანათ სინგმა თავდაცვისა და თანამშრომლობის ახალი ათწლიანი ხელშეკრულება გააფორმეს. ჰეგსეთმა აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება "რეგიონული სტაბილურობის ქვაკუთხედია."
"[ხელშეკრულება] გზამკვლევია უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი თანამშრომლობისკენ, რომელიც ორი ქვეყნის სამხედრო ძალებს წინ ელოდება." - განაცხადა ჰეგსეთმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან დონგ ჯუნთან "კარგი" და "კონსტრუქციული" შეხვედრა ჰქონდა.
"ხაზი გავუსვი ინდო-წყნარ ოკეანეში ძალთა ბალანსის შენარჩუნების მნიშვნელობასა და ყურადღება გავამახვილე აშშ-ს დამოკიდებულებაზე ჩინეთის აქტიურობასთან დაკავშირებით სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში, ტაივანის საკითხზე და რეგიონში აშშ-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ. ამერიკას არ უნდა კონფლიქტი, თუმცა ის თავის ინტერესებს მტკიცედ დაიცავს." - წერს ჰეგსეთი X-ზე.
მანამდე, სინგაპურში უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ჩინეთი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ძალთა ბალანსის შესაცვლელად სამხედრო ძალის პოტენციური გამოყენებისთვის ემზადება.
ჰეგსეთის შეფასებით, ჩინეთიდან მომავალი საფრთხე "რეალური და პოტენციურად გარდაუვალია". აშშ-ს თავდაცვის მდივნის თქმით, "ჩინეთის მიერ ტაივანის დაპყრობის ნებისმიერი მცდელობა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისა და მსოფლიოსთვის დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს".
ამასთანავე, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა აზიელ მოკავშირეებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისაკენ მოუწოდა.





