აშშ-ჩინეთი-ინდოეთი

ჩინეთთან სადავო არუნაჩალ პრადეში ინდოეთს ეკუთვნის – აშშ

Reuters/File Photo

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 20 მარტს გავრცელებული განცხადების თანახმად, შეერთებული შტატები არუნაჩალ პრადეშს ინდოეთის ნაწილად აღიარებს და "მტკიცედ ეწინააღმდეგება" ტერიტორიული პრეტენზიების განხორციელების ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ჩინეთის საზღვართან მდებარე ამ შტატზე.

ჩინეთის მტკიცებით, არუნაჩალ პრადეში მის ტერიტორიას ეკუთვნის და სამხრეთ ტიბეტის ნაწილია. ნიუ დელი პეკინის პრეტენზიებს არ აღიარებს და ამბობს, რომ არუნაჩალ პრადეში ყოველთვის ინდოეთის ნაწილი იყო.

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს, 19 მარტს თქვა, რომ ჩინეთი "აბსურდულ პრეტენზიებს" აყენებს არუნაჩალ პრადეშთან დაკავშირებით და დასძინა, რომ ეს ტერიტორია ყოველთვის იქნება  "ინდოეთის ხელშეუვალი და განუყოფელი ნაწილი".

აღსანიშნავია, რომ გასული წლის 24 აგვისტოს ჩინეთმა გამოაქვეყნა ახალი "სტანდარტული რუკა", რომლის მიხედვითაც არუნაჩალ პრადეშის შტატი და აკსაი ჩინის პლატო, რომლებსაც ინდოეთი საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, ჩინეთის შემადგენლობაშია შეყვანილი.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით 3 წლის წინ, აქსაი ჩინ-ლადახში სასიკვდილო შეტაკების შემდეგ დაიძაბა.

ჰიმალაის მთებზე გამავალი საზღვრის არაერთი მონაკვეთი დიდი ხანია ნიუ დელისა და პეკინს შორის უთანხმოების საგანია. 1962 წელს დაპირისპირება გადაიზარდა ომში, რომელიც ჩინეთის გამარჯვებით დასრულდა. კონფლიქტის შემდეგ დადგენილმა დე ფაქტო საზღვარმა, რომელსაც არსებული კონტროლის ხაზი (LAC) ეწოდება, დაძაბულობა ვერ განმუხტა.

კომენტარები