ოპოზიციური პარტიების აკრძალვა

ლელო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს საკონსტიტუციოში გაასაჩივრებს

ლელო-ძლიერი საქართველო ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე ქართული ოცნების სარჩელს, რომლის შეტანასაც ისინი უახლოეს პერიოდში აპირებენ, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. 

"ანტიქართული ოცნება საქართველოში დემოკრატიისა და მრავალპარტიული პლურალიზმის დევნასა და განადგურებას აგრძელებს. ივანიშვილის რუსული დავალება მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, რომ საქართველოში ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი დაანგრიოს და გაანადგუროს და მოქალაქეებს დემოკრატიული და ევროპული განვითარების შესაძლებლობა შეუზღუდოს [...]

ივანიშვილის მიერ დაანოსებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას შევეწინააღმდეგებით [...] მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შევიტანთ, რომლითაც ანტიკოსტიტუციური მუხლების გაბათილებასა და საკონსტიტუციო სასამართლოსგან დროებითი შეჩერების მექანიზმის გამოყენებას მოვითხოვთ. ამ სარჩელის პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებული იქნება, რომ სადავო ნორმების მოქმედება შეაჩეროს და თავის მხრივ, ქართული ოცნების კონსტიტუციური სარჩელი ვერ განიხილოს". - თქვა კუპრაძემ.

კუპრაძის თქმით, ისინი სარჩელს სტრასბურგის სასამართლოშიც შეიტანენ.

ცნობისთვის, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 14 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე ისაუბრა, რომლის შეტანასაც ქართული ოცნება სასამართლოში, მისივე თქმით, უახლოეს მომავალში აპირებს.


ქართული ოცნების მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის 36-ე მუხლს მე-2 პუნქტი დაემატება, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და შემადგენლობა "არსებითად იმეორებს"  სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას.

როგორც ივანიშვილის წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებებით, თუ კონკრეტული პარტია იკრძალება, მის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ პასიური საარჩევნო უფლებით, ანუ მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩეულები, მაგალითად - საქართველოს პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში. ამავდროულად, მათ შეეზღუდებათ კონსტიტუციაში დასახელებული ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება, ვეღარ შეძლებენ, გახდნენ სხვა პარტიის წევრები. ასევე, ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები.

მისივე თქმით, პარტიას, რომელიც ასეთ პირს თავის რიგებში გააწევრებს და შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, "სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება - ჯარიმა, ხოლო თუ კონკრეტული პარტიის მნიშვნელოვნად მეტი ადამიანი ახალ პარტიაში გაწევრიანების შემდეგ გადაწყვეტილების მიმღები იქნება, ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტული პარტიის აკრძალვა არის შესაძლებელი, როგორც ე.წ. მემკვიდრე პარტიის.

კომენტარები