ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ კობახიძემ "განათლების საერთაშორისო ცენტრის" ლიკვიდაციის შესახებ დადგენილება გამოსცა.
დადგენილების მიხედვით, ლიკვიდირებული ცენტრის უფლებამონაცვლედ უნდა განისაზღვროს სამინისტრო. ცენტრის სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით კი უნდა შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოფს საჭირო ღონისძიებების გატარებას.
"დაევალოს სამინისტროს:
ა) ცენტრის სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოფს:
ა.ა) ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრულ ინვენტარიზაციასა და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენას;
ა.ბ) ცენტრში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავებას, სისტემატიზაციასა და დაარქივებას (საჭიროების შემთხვევაში − განადგურებას), კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ა.გ) ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელებას;
ბ) უზრუნველყოს, ამ დადგენილებით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გამოყენება;
გ) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და გამოცემის/მიღების მიზნით." - ნათქვამია დადგენილებაში.
დადგენილება 21 ოქტომბრით თარიღდება და ის 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
"განათლების საერთაშორისო ცენტრი" დაარსდა 2014 წელს. მისი მთავარი მიზანია სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე კადრების განვითარებას და საქართველოში ახალი ცოდნის ინტეგრირებას.





