აქციების კანონი

ბოლო 24 საათში გზის გადაკეტვის და სახის დაფარვისთვის 12 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, "შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის" 12 პირი: ც.ჟ., კ.მ., გ.თ., მ.ჩ., ა.ვ., გ.ვ., გ.წ., ი.წ., ბ.ჩ., ლ.უ., ლ.მ., და ა.გ. დააკავეს.

"აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, კვლავ აგრძელებენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებას, სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად კეტავენ საავტომობილო გზას და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას. ასევე, დემონსტრანტების ნაწილს შენიღბული აქვს სახე რაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.

შევახსენებთ სამართალდამრღვევ პირებს, იმ შემთხვევაში თუ ისინი განმეორებით ჩაიდენენ მსგავს უკანონო ქმედებას, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცველები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად-მოახდენენ სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებენ კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს". - წერს შსს.

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ ბოლო 2 დღეში გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვისთვის 14 პირი დააკავეს. იქამდე, 19 ოქტომბერს შსს-მ ასევე 14 პირის დაკავება დაადასტურა.

ივანიშვილის რეჟიმმა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი, აქციების კანონი მესამე მოსმენით, 16 ოქტომბერს მიიღო. ცვლილებების მიხედვით,15 დღემდე პატიმრობით დაისჯება შეკრების ან მანისფესტაციის მონაწილე, რომელიც:

  • სახის "ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით" დაიფარავს;
  • იქონიებს "ცრემლმდენ, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელ ნივთიერებას";
  • განზრახ შექმნის "დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის";
  • მოაწყობს დროებითი კონსტრუქციას, რომლის მოწყობა "საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას". 

განმეორების შემთხვევაში, რეჟიმის მიერ მიღებული კანონი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები