კობახიძის განათლების რეფორმა

მიქანაძე: 11-წლიანი სწავლება არანაირად არ ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესს

ივანიშვილის განათლების მინისტრის თქმით, "11 კლასი არის სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ სრული ზოგადი განათლება მივცეთ ჩვენს ახალგაზრდებს". გივი მიქანაძის მტკიცებით, "ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესს".

"ევროპაში სწავლის გაგრძელებას არ აფერხებს 11-წლიანი სკოლის ატესტატი, უბრალოდ, ახალგაზრდამ კიდევ ერთი წელი ევროპის რომელიმე სკოლაში უნდა ისწავლოს" - ამბობს ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კითხვაზე, ეს ხომ დამატებითი ბიუროკრატია და ხარჯია ოჯახისთვის, გივი მიქანაძე პასუხობს - "თუ შევადარებთ რაოდენობას, რამდენი რჩება საქართველოში და აგრძელებს სწავლას და რამდენი მიდის საბაკალავრო დონეზე სასწავლებლად, არის ძალიან დიდი განსხვავება, სასწაულად დიდი განსხვავება".

თუმცა, ივანიშვილის განათლების მინისტრი არ გამორიცხავს ალტერნატივის შემუშავებას.

"განხილვების პროცესმა უნდა აჩვენოს, რამდენად არგუმენტირებული იქნება შესაბამის მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრის დროს, რომ ხომ არ შევიმუშავოთ რაღაც ალტერნატივა, რომ ვისაც უნდა, ჰქონდეს მე-12 კლასში სწავლის შესაძლებლობაც.

თუმცა, ერთი მომენტიც არის, რასაც ჩვენ ძალიან მგრძნობიარედ ვუყურებთ, ის ახალგაზრდები, რომლებიც მიემგზავრებიან სასწავლებლად (და აქ იმასაც გეტყვით, ბევრად უფრო მეტი მიდის მაგისტრატურაზე და ძალიან მცირეა იმ ახალგაზრდების რიცხვი, ვინც საბაკალავრო საფეხურზე სწავლობს საზღვარგარეთ)....  სამწუხაროა, მაგრამ რეალობა, მაგრამ მათი უცხოეთში სწავლა ხელს უწყობს მიგრაციულ პროცესებს და ბევრი მათგანი არ ბრუნდება უკან, რაც დამაზიანებელია ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რადგან ის ცოდნა, რომელსაც იღებენ, გვინდა იმისთვის, რომ დაბრუნდნენ და საკუთარ ქვეყანაში გამოიყენონ...

დღესაც ბაზარზე არაერთი პროფესიის მოთხოვნაა საკმაოდ მაღალანაზღაურებადი და ზუსტად ესაა გამოწვევა, რომ ჩვენ გვინდა, ხარისხიანი განათლება უზრუნველვყოთ ისე, რომ ახალგაზრდებს არ ჰქონდეთ, ბევრს არ ჰქონდეს სურვილი, უცხოეთში წავიდეს, არამედ, საქართველოში მიიღოს ის განათლება, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს, აქვე დასაქმდეს და მიიღოს მაღალი ანაზღაურება, ამით მიგრაციული პროცესებიც გავაჩეროთ და პლუს, მაქსიმალურად  ხელი შევუწყოთ, საკუთარ ქვეყანას მოახმარონ ის პოტენციალი და ცოდნა, რომელსაც მიიღებენ" - ამბობს გივი მიქანაძე.

კომენტარები