Amnesty International-ის განცხადება

Amnesty: დაკავებები ხაზს უსვამს საქართველოში რეპრესიების მუდამ გაღრმავებად ტენდენციას

უფლებადამცველი ორგანიზაცია, Amnesty International საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი შეფასებით, დაკავებები ხაზს უსვამს ქვეყანაში რეპრესიების მუდამ გაღრმავებად ტენდენციას.

"ეს დაკავებები ხაზს უსვამს საქართველოში რეპრესიების მუდამ გაღრმავებად ტენდენციას. სახელმწიფოებს შეუძლიათ, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით შეზღუდვები დააწესონ საპროტესტო აქციებზე, ახალი ცვლილებები ბევრად სცდება იმას, რაც დასაშვებია საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის ფარგლებში.

მშვიდობიანმა შეკრებებმა შესაძლოა, დროებით მოძრაობა შეაფერხოს ან ვინმეს შეწუხება გამოიწვიოს - ეს არ ამართლებს დაშლას ან დაკავებას, რაც არაძალადობრივი საპროტესტო აქტივობის დროს უკანასკნელი საშუალება უნდა იყოს.

საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მიზნად აქვს დასახული, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტები დაშინებითა და დასჯით გააჩუმოს.

ხელისუფლებამ უნდა გამოუშვას ყველა, ვინც მხოლოდ საკუთარი გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანად შეკრების უფლებებით სარგებლობისთვის არის დაკავებული." - Amnesty International-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი. 

აქციების კანონის მიღების შემდეგ, პროტესტის მონაწილეებს "გზის გადაკეტვისა" და "სახის დაფარვის" გამო აკავებენ. 

ცნობისთვის, ივანიშვილის რეჟიმმა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი, აქციების კანონი მესამე მოსმენით, 16 ოქტომბერს მიიღო

ცვლილებების მიხედვით,15 დღემდე პატიმრობით დაისჯება შეკრების ან მანისფესტაციის მონაწილე, რომელიც:

  • სახის "ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით" დაიფარავს;
  • იქონიებს "ცრემლმდენ, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელ ნივთიერებას";
  • განზრახ შექმნის "დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის";
  • მოაწყობს დროებითი კონსტრუქციას, რომლის მოწყობა "საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას". 

 

კომენტარები