რომეო მიქაუტაძე

მიქაუტაძემ 8 400 000-ის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა - პროკურორი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმეს რამდენიმე ახალი ეპიზოდი დაემატა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ირაკლი მარშანიამ განაცხადა.

"გამოძიების მიმდინარეობის დროს, გამოიკვეთა კონკრეტული ახალი ეპიზოდები, რომელიც რომეო მიქაუტაძემ ჩაიდინა. დაემატა ის, რომ ბრალი წარედგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რამდენიმე ეპიზოდზე. 

ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის კუთხით ბრალდება დამძიმდა. კონკრეტულად, თანხის ოდენობა გაიზარდა - ბრალი 3 მილიონ ლარამდე თანხაზე ჰქონდა წარდგენილი, ახლა კი გამოძიებით დადასტურდა, რომ მან, დაახლოებით, 8 მილიონ 400 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა. 

ამის გარდა, დადგინდა, რომ მაშინ, როცა რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდა, ამავდროულად სამეწარმეო საქმიანობაშიც იღებდა მონაწილეობას, რაც კანონით აკრძალული ჰქონდა". - თქვა პროკურორმა.

დღეს საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ აღკვეთის ღონისძიება არ შეცვალა და რომეო მიქაუტაძე პატიმრობაში დატოვა.

საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა 7 ოქტომბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

2 556 192 ლარის უკანონო, დაუსაბუთებელი ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებულ ეკონომიკის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 ივნისს შეეფარდა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

მიქაუტაძე სუს-მა 21 ივნისს დააკავა, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის – 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია მოახდინა.

რომეო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე იკავებდა.

2024 წელს ივანიშვილის წარმომადგენელი ლევან დავითაშვილი რომეო მიქაუტაძეზე იმედი TV-ს ეთერში ამბობდა, რომ მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. დავითაშვილი სპეკულაციებს უწოდებდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიქაუტაძის მიმართ რაიმე გამოძიება მიდიოდა.

ივანიშვილის სუს-ის ყოფილი უფროსი ანრი ოხანაშვილი პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიშის წარდგენის დროს რომეო მიქაუტაძის შესახებაც ამბობდა, რომ სუს მუშაობს, რათა "ნათელი მოეფინოს" როგორ აღმოჩნდა აღნიშნული ტიპის დანაშაული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლს მიღმა.

კომენტარები